"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანაა, ისარგებლოს მთავრობის უუნარობით და რაც შეიძლება, მალე დაბრუნდეს ხელისუფლებაში"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანაა, ისარგებლოს ხელისუფლების უუნარობით და რაც შეიძლება, მალე დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

ამის შესახებ ბურჯანაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

"როდესაც სააკაშვილი ელაპარაკებოდა გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს - თქვენ ყველანი დაბრუნდებით და სამშობლოს სამსახურს გააგრძელებთო, ჩვენ დავინახეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმდენად არის გათავხედებული ახალი ხელისუფლების უუნარობით და მათ მიერ გატარებული კოჰაბიტაციით, რომ ისინი ხელისუფლებაში მობრუნებას რეალურად აპირებენ. მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ და არ წუხან იმაზე, რაზეც შეწუხებული სახით გველაპარაკებიან, რომ შეცდომები დაუშვეს, აბსოლუტურად არ აინტერესებთ საქართველოს მოსახლეობის განაჩენი, რომელიც მან გამოიტანა 1 ოქტომბერს. მათი მთავარი ამოცანაა, ისარგებლონ ხელისუფლების უუნარობით და რაც შეიძლება, მალე მობრუნდნენ ხელისუფლებაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ასე გაგრძელდა, თუ 1 ოქტომბერს არ იქნა სწორი გადაწყვეტილება მიღებული, ნამდვილად მობრუნდება "ნაციონალური მოძრაობა" გალამაზებული, გათეთრებული, გარეცხილი. "ქართული ოცნება" დგას და ეხმარება "ნაციონალური მოძრაობას" ჭუჭყის ჩამორეცხვაში", - განაცხადა ბურჯანაძემ.