ჯონ მაკკეინი - სწრაფად გადავიდეთ ნატო-ს გაფართოების მორიგ რაუნდზე საქართველოს ჩათვლით

ჯონ მაკკეინი - სწრაფად გადავიდეთ ნატო-ს გაფართოების მორიგ რაუნდზე საქართველოს ჩათვლით

აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინის აზრით, აშშ-მა უნდა გააფართოოს ქვეყანაში მყოფი არასასურველი რუსების ნუსხა, რომლებიც მაგნიტსკის საქმესთან არიან დაკავშირებული. ასევე დააჩქაროს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და დაეხმაროს რუსულ ოპოზიციას. ეს განცხადებები რესპუბლიკელმა სენატორმა რუსეთის მიერ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის შემდეგ გააკეთა.

"პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაფართოოთ მაგნიტსკის აქტის სია, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ ადამიანის უფლებების იმ უამრავ დამრღვევს, რომლებიც რუსეთში არსებული დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ევროპაში ჩვენი სარაკეტო დაცვის სისტემის განლაგება და სწრაფად გადავიდეთ ნატო-ს გაფართოების მორიგ რაუნდზე, საქართველოს ჩათვლით", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

რუსეთის გადაწყვეტილებას სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე რესპუბლიკელმა სენატორმა "ყველა ამერიკელისთვის სილის გაწვნა" და "შეერთებული შტატების დაბნევის მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.

"დროა, ფუნდამენტურად გადავხედოთ პუტინის რუსეთთან ურთიერთობას. პუტინის რუსეთის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ყველა ილუზია უნდა გაუქარწყლოს იმ ამერიკელებს, რომლებსაც რუსეთთან დაკავშირებით ბოლო წლებია მცდარი მოლოდინები აქვთ. ჩვენ უკვე დიდი ხანია გვჭირდება უფრო რეალისტურად შევხედოთ რუსეთთან ურთიერთობებს და იმედი მაქვს, დღეს ამას საბოლოოდ დავიწყებთ", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.