მიხეილ სააკაშვილი გერმანელ არქიტექტორებს

მიხეილ სააკაშვილი გერმანელ არქიტექტორებს "მომავალში განახლებული მშენებლობისთვის" პროექტებს შეუკვეთავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში, პიაცაზე იმყოფებოდა. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ბათუმში გერმანელ არქიტექტორებთან ერთად ჩავიდა, რათა "მომავალში განახლებული მშენებლობისთვის" პროექტები შეუკვეთოს. "დღეს საღამოს ჩამოვედით ბათუმში, ჩამოვიყვანეთ უცხოელი არქიტექტორები. ისე მოხდა, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ჩემდა მოულოდნელად, სამწუხაროდ, არც ერთი ახალი მშენებლობა არ არის დაწყებული ბათუმში, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა. ჩვენ ველოდებით იმ დროს, როცა ბათუმში განახლდება მშენებლობები. აქ არიან ცნობილი გერმანელი არქიტექტორები. მინდა, რომ მომავალში განახლებული მშენებლობისთვის, ეპოქისთვის, პროექტები შევუკვეთოთ. როცა აღმშენებლობის დრო დადგება, პირდაპირ შევესევით, იმიტომ, რომ გვექნება პროექტები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო განათების მქონე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის განათება გათიშულია. ასევე, სააკაშვილის განცხადებით, ცვილის ფიგურების მუზეუმი დაკეტილი არ უნდა იყოს. "აგერ არის ცვილის ფიგურების მუზეუმი. მომგებიანი იქნებოდა, ტურისტები რომ შესულიყვნენ, ახლა დაკეტილია. თითო ტურისტს რომ გამოართვა ბილეთში ორი ლარი, ის თავის თავს ამოიღებდა ორ თვეში. თქვეს, რომ ძვირი დაგვიჯდებოდაო, სამი თანამშრომელია საჭირო, ყველაფერი დავამთავრეთ და დავუტოვეთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხელ სააკაშვილის წუხელ "პიაცაზე" "ქუჩის ბიჭების" კენცერტის მიმდინარეობის დროს მივიდა. თუმცა, მისი განცხადებით, ის "პიაცაზე" კონცერტისთვის არ მისულა. "ქუჩის ბიჭების" კონცერტი 22:00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტი კი "პიაცაზე" 23:30 საათზე გამოჩნდა.