საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი სავარაუდოდ კოალიცია "ქართულ ოცნებას" დატოვებს. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დავითაშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
"დღეს 12:00 საათზე ბრიფინგი მაქვს. ნუ დაიზარებთ მოსვლას. ამაზე მეტს ვერ გეტყვით", - აღნიშნა დეპუტატმა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავითაშვილს უმრავლესობის წარმომადგენლებთან პრობლემები არაერთხელ შეექმნა. გარკვეული უთანხმოებები ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან.
ამასთან, კობა დავითაშვილმა დავით სერგეენკოსთან დაპირისპირების დროს განაცხადა, რომ უმრავლესობის დატოვების შემთხვევაში პარლამენტსაც დატოვებდა, ”რადგან ამომრჩეველმა ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და - არა მას”.