დავით ბაქრაძე ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას სთავაზობს

დავით ბაქრაძე ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას სთავაზობს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას სთავაზობს. 

ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთელი ამ თვეების განმავლობაში შეგნებულად ვიკავებდი თავს ეკონომიკაზე მწვავე განცხადებებისგან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეკონომიკა არ უნდა იყოს პოლიტიკური დებატების თემა, მაგრამ ის, რაც ხდება უკანასკნელ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშოა იმისთვის, რომ ამის თაობაზე არ დავიწყოთ ღიად, გულახდილად და აქტიურად საუბარი. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა ხასიათდება მუდმივი კლებით. თუ ამ წლის პირველი თვეები იყო კლება, მაისში ეს კლება ჩამოვიდა ნულოვან ზრდაზე, ხოლო ივნისში გადაიზარდა მინუსში ანუ საქართველოში ეკონომიკამ დაიწყო რეალიურად დაკლება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნიშნავს დაკარგულ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტენდენციის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება სოციალური ვალდებულებების შესრულება მომავალი რამდენიმე თვის შემდეგ და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არა თუ უკეთ ვერ იცხოვრებენ, არამედ პირიქით, ძალიან ბევრი ოჯახი იცხოვრებს უარესად, იმიტომ, რომ არ შეიქმნება სამუშაო ადგილები და საფრთხის ქვეშ დადგება ყველა ის სოციალური ვალდებულება, რომელიც ასე ჭირდება ჩვენს ხალხს. ამიტომ ამ ფონზე მიმაჩნია, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში უნდა იყოს ეკონომიკის გაჯანსაღება, რაც ნიშნავს ხალხის უკეთეს ცხოვრებას. ეკონომიკურ კლებაზე არანაკლებ საგანგაში არის ის არაადეკვატური კომენტარები, როემლსაც ვისმენთ მთავრობის წევრებისგან ბოლო დღეებში, იმიტომ, რომ მინისტრებისგან სირაქლემას პოზაში ყოფნა და იმაზე საუბარი, თითქოს არაფერი საგანგაშო ეკონომიკაში არ ხდება, ვფიქრობ, არის ძალიან არასერიოზული. ეკონომიკური ვარდნა შეიძლება, ვერ იგრძნონ მინისტრებმა და მათი ოჯახის წევრებმა, მაგრამ ეს პირდაპირ აისახება ასეულობით ათასი ქართული ოჯახის ცხოვრებაზე. ამიტომ, მთავრობამ კეთილი უნდა ინებოს და სირაქლემას პოზიციდან გადავიდეს ამ საკითხის გულახდილი და ღია განხილვის რეჟიმში. სწორედ ამიტომ, მინდა, შევთავაზო მთავრობას და პრემიერ ბიძინა ივანიშვილს: ჩვენს გუნდში არიან კვალიფიციური ეკონომისტები, არიან ადამიანები, ვინც წინა წლებში უზრუნველყოფდა საქართველოს ეკონომიკის გაზრდას წელიწადში 7-8%-ით. ჩვენ მზად ვართ, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკა, მზად ვართ, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები და ერთად ვისმჯელოთ იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ხალხის ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მე ვთავაზობ პრემიერ-მინისტრს შეხვედრას ეკონომიკის საკითხზე და ამ შეხვედრის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ გამოვიყვანოთ საქართველოს ეკონომიკა იმ კრიზისიდან, რომელშიც ის უკვე შევიდა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.