მაჟორიტარი დეპუტატის, გამგებლის და სხვათა ,,ფანკლუბი” დანიაში ბიუჯეტის ხარჯზე

მაჟორიტარი დეპუტატის, გამგებლის და სხვათა ,,ფანკლუბი” დანიაში ბიუჯეტის ხარჯზე

2013 წლის 25 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრაზე გორის ,,დილას” ფანკლუბს გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა კობერიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი ზაქარია ნასყიდაშვილი, საკრებულოს ექსპერტკონსულტანტი ვანო ბალახაშვილი და სხვები გაჰყვნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან წერილობით აცნობეს. მივლინების ბრძანება საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის სახელზე გამოიწერა, თუმცა, როგორც რაზმაძე აცხადებს, გარკვეული მიზეზების გამო, აღარ წავიდა. რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ,,დილასთვის” გამოყოფილი თანხით წავიდნენ.

გორის ,,დილას” ფინანსური განყოფილების უფროსი მარინა ბადაშვილი გვეუბნება, რომ კონკრეტული ციფრები, რომელიც ერთ კონკრეტულ პირზე გახარჯულ თანხას დააზუსტებს, ჯერ-ჯერობით, არ აქვს: ,,მოგეხსენებათ, დანიიდან გუნდი თურქეთის გავლით ხორვატიაში გაფრინდა. ვიდრე ყველა არ დაბრუნდება დელეგაციიდან და დოკუმენტაციას არ ჩამომიტანენ, შეუძლებელია, გიპასუხოთ ერთ კონკრეტულ პირზე რამდენი თანხა დაიხარჯა” – აცხადებს ბადაშვილი.

დავით რაზმაძე გვიდასტურებს, რომ მუნიციპალიტეტში დიდი განხილვა იყო დელეგაციის წევრების შერჩევის საკითხში: ,,ბევრს კითხვა მართლაც გაუჩნდა, რატომ ჩავსვით დელეგაციაში, მაგალითად, იურისტ-კონსული. სიმართლე გითხრათ, კანდიდატურები თავად ,,დილას” ხელმძღვანელობამ გადმოგვიგზავნა. დანიაში წასვლა ბევრს უნდოდა ჩვენი მუნიციპალიტეტიდან” – აცხადებს რაზმაძე.

დილას ხელმძღვანელი ზვიად შერმადინი, ამჟამად, გუნდს ხორვატიაში ახლავს. დამატებით დეტალებს მაჟორიტარი დეპუტატის, გამგებლის, საკრებულოს აპარატის უპროსის და სხვათა პირების ვინაობის და ხარჯების შესახებ ,,დილას” ადმინისტრაცია მოგვიანებით მოგვაწოდებს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ,,დილას” დაფინანსების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მთავარი თემა იყო. საქართველოს მთავრობას, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კორექტირების შეტანა დასჭირდა იმისათვის, რომ გუნდის განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის, ასევე ფეხბურთელების წახალისებისთვის თანხა გამოძებნილიყო.

მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე განმარტავს, რომ გორის წარმატებული გუნდისთვის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვა დიდი სტიმული იყო.