თეა წულუკიანი:  დადასტურდა, რომ სასამართლო პროკურორებისგან თავისუფალია

თეა წულუკიანი: დადასტურდა, რომ სასამართლო პროკურორებისგან თავისუფალია

დღევანდელი გამართლებით დადასტურდა, რომ სასამართლო პროკურორებისგან თავისუფალია, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. 

წულუკიანის თქმით, პროცესი არ დასრულებულა, საქართველოში არსებობენ პირველი ინსტანციის ზემდგომი მოსამართლეები, რომლებიც იმიტომ არიან ზემდგომი მოსამართლეები, რომ წესით უფრო მეტი კომპეტენცია და გამოცდილება აქვთ.

"პროკურატურა გააორმაგებს თავის ძალისხმევას. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საქმის მასალებში არის გამოძიების დროს მოპოვებული არაერთი მტკიცებულება ბრალის შესახებ, პროკურატურა გაორმაგებული ძალისხმევით თუ გადაწყვეტს და, მე როგორც ვიცი გადაწყვეტენ განაჩენის გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში, კიდევ უფრო მეტი შემართებით და ძალისხმევით დაუჭერენ ბრალდებას მხარს", - აღნიშნა თეა წულუკაინმა.

როგორც იუსტიციის მინისტრამა განაცხადა, ამას დაემატება ისიც, რომ წესით სააპელაციო მოსამართლე გაცილებით უფრო კომპეტენტურია, ვიდრე პირველი ინსტანციის.
თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ მთავარია, სასამართლო არის თავისუფალი და ეს ამ განაჩენით დამტკიცდა.

"დღეს ამ განაჩენით დადასტურდა ერთი მარტივი რამ, რასაც ბევრჯერ ვამბობდი და რასაც ჩვენი მთავრობა არაერთხელ ამბობდა - სასამართლო არის რეალურად პროკურორებისგან თავისუფალი. მთავარი არის ერთი რამ, დიახ, სასამართლო არის თავისუფალი და დიახ, ჯერ პროცესი არ დასრულებულა. ამიტომ ის პირველი უარყოფითი რეაქცია, გაუგებრობის განცდა რაც საზოგადოებას, მათ შორის შეიძლება მეც მქონდეს განაჩენისადმი, ამას ნუ ავყვებით, რადგან პროცესი გრძელდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.