რატომ არის თენგიზ გუნავას გამოშვება საფრთხე და ჩახალიანის, დუდაევის და პედოფილების არა

რატომ არის თენგიზ გუნავას გამოშვება საფრთხე და ჩახალიანის, დუდაევის და პედოფილების არა

თენგიზ გუნავას გამოშვება არის საფრთხე და ჩახალიანის, დუდაევის და პედოფილების გამოშვება არა? – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი , მიხეილ სააკაშვილი გენერალ გიგი კალანდაძესთან შეხვედრისას თენგიზ გუნავას შეწყალებაზე საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებს. 

"მე მოვისმინე საპარლამენტო უმრავლესობის აღშფოთებული განცხადებები თენგიზ გუნავას შეწყალებაზე. დღეს უმრავლესობიდან ერთმა წევრმა მე მიწოდა საფრთხის წყარო. მან თქვა - პრეზიდენტი არის საფრთხის წყარო იმის გამო, რომ გუნავა შეიწყალა. ეს ის პარლამენტია, რომლის უმრავლესობამაც გამოუშვა პედოფილები, მკვლელები დიდი რაოდენობით და ამდენი პედოფილიის შემთხვევა საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ეს ის პარლამენტია, რომელმაც გამოუშვა ჩახალიანი და მარეკ დუდევი. გუნავა, რომელმაც კრიმინალი აღმოფხვრა საქართველოში, მისი გამოშვება არის მომეტებული საფრთხე და ჩახალიანის, დუდაევის და პედოფილების გამოშვება არ არის საფრთხე? თუ მართლა ყველაფერი უკუღმა დადგა ქვეყანაში და არაფერს თავისი სახელი არ უდნა ეწოდოს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებაც ხვდება, რომ ბევრი რამ, რასაც ეუბნებოდნენ, დაფუძნებული იყო სიყალბეზე და სიცრუეზე.

"რა თქმა უნდა, იდეალური არავინ არ იყო და შეცდომებიც ბევრი იყო. მაგრამ, საქართველოში იყო იდეალისტების ჯგუფი, გაბედულები, რომლებიც აშენებდნენ ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის ფიქრობს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.