მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს

მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ქსნის #15 და რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფმა მოშიმშილე მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს , - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინიტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი მსჯავრდებულებმა მას შემდეგ თქვეს, რაც მათ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ამავე კომიტეტის წევრი გედევან ფოფხაძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე შეხვდნენ.

ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეპუტატებთან ერთად სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც იმყოფებოდა.

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე, რომელიც ამავდროულად ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეც არის, მსჯავრდებულებს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებების გადახედვას დაჰპირდნენ. რაც შეეხება შეკრებითობის წესის გაუქმების შემდეგ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მსჯავრდებულებმა ეკა ბესელიასგან საქმეების ინდივიდუალურად შესწავლის პირობა მიიღეს.

საქართველოს პარლამენტის წევრებთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, ყველა მოშიმშილე მსჯავრდებულმა პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არც ერთი მსჯავრდებული არ შიმშილობს.