არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ახალაიას უდანაშაულოდ ცნობა ბრალდების მხარის სისუსტემ განაპირობა

არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ახალაიას უდანაშაულოდ ცნობა ბრალდების მხარის სისუსტემ განაპირობა

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ ეთანხმება შეფასებას, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურორების სისუსტის შედეგად დადგა. 

როგორც არჩილ კბილაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის იცნობს წარდგენილ მტკიცებულებებს და საქმეში ჩართულ პროკურორებს და არ ფიქრობს, რომ ბრალდების მხარე პროცესებზე სუსტად გამოდიოდა.

"მე ვიცნობ წარდგენილ ბრალდებას, ვიცნობ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი იყო, ვიცი პროკურორები, რომლებიც საქმეში მონაწილეობდნენ და არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ბრალდების მხარე სუსტად გამოვიდა და ამან განაპირობა ეს შედეგი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, პროკურატურის და პირადად მისი პოზიცია არის ის, რომ ბაჩო ახალაია დამნაშავედ უნდა ყოფილიყო ცნობილი.

"ჩვენი და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რომ იმ ეპოზოდში, რომელშიც ახალაია გამართლებულ იქნა, დამნაშავედ უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა სანამ სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი არ გვექნება, მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამ განაჩენის კანონიერებაზე ვიმსჯელოთ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.