თინა ხიდაშელი:   პროკურორებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ სხვა საქართველოში ცხოვრობენ

თინა ხიდაშელი: პროკურორებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ სხვა საქართველოში ცხოვრობენ

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ ნიშნავს იმას, რომ ბაჩო ახალაია ანგელოზია, ეს საუბრობს იმაზე, რომ მას პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული, - ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი უდანაშაულოდ გამოცხადდა.

"სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს ვიკავებ, რომ არ მოხდეს ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ორი რამ შემიძლია ვთქვა: თავისთავად, ის რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდა, დიდი პროგრესის მაჩვენებელია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სააკაშვილის საქართველოში ასეთი რამ გაებედა სასამართლოს? ეს ადასტურებს იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ დიდი ნაბიჯებით მივდივართ. თუმცა მეორე მხრივ ის, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ ასეთი ტიპის დანაშაულის დამტკიცება ვერ მოახერხა პროკურატურამ, ეს არ საუბრობს იმაზე, რომ ბაჩო ახალაია ანგელოზია, ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული, სასამართლოს კი მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ დადგა ეს გადაწყვეტილება. კარგია, როცა სასამართლო ამას ახერხებს, ცუდია როცა პროკურატურა ვერ ახერხებს დაამტკიცოს ბრალი ასეთი მძიმე მუხლით წაყენებული ბრალდების შემთხვევაში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ნიშნავს იმასაც, რომ პროკურორებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ სხვა საქართველოში ცხოვრობენ.

"არ ვიცი პროკურატურაში კადრები სუსტია თუ ძლიერი, ამ პროკურორებს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი და იგივე ხალხია, ვინც ზურაბ ადეიშვილის პროკურატურაში მუშაობდა. ისინი მიჩვეულნი არიან ასე მუშაობას _ არ სჭირდებოდათ რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის განხორციელება, რომ ადამიანები ციხეში ჩაესვათ. როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ბრალის დასამტკიცებლად და სასასამართლოს გადაწყვეტილებისთვის საკმარისია მხოლოდ ის, რასაც პროკურორი იტყვის. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ახლაც იგივე იქნება. მომწონს თუ არა არ მომწონს აღნიშნული გადაწყვეტილება და რა დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს ბაჩო ახალაიასადმი, ვფიქრობ, რომ მისი განაჩენი ერთგვარი გაღვიძების სიგნალი შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ გაიგო, რომ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. იმედია, მომავალში უფრო მომზადებულები გამოცხადებიან პროცესებზე, განსაკუთრებით კი ისეთ საქმეებთან მიმართებაში, რომელიც წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება. ასეთ საქმეებს განსაკუთრებით მომზადება სჭირდება, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული, ესაა საერთაშორისო სამართლით აღიარებული დანაშაული, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც განსაკუთრებული მტკიცება სჭირდება", - აღნიშნა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.