"საქართველოს ეკონომიკის ვარდნა არა წელს, არამედ შარშან, დაახლოებით ამავე პერიოდიდან დაიწყო"

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა არა წელს, არამედ შარშან, დაახლოებით ამავე პერიოდიდან დაიწყო".


ამის შესახებ უსუფაშვილმა გუშინ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ კითხვაში" საუბრისას განაცხადა.

"საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა ერთი კონკრეტული მიზეზის შედეგი არ არის. მიზეზი ბევრია. დავიწყებ იმით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით საქართველოს ეკონომიკის ვარდნა დაიწყო არა წელს, არამედ შარშან, დაახლოებით ამავე პერიოდიდან. თავისთავად, ხელისუფლების შეცვლამდე ეს უკვე ტენდენცია იყო. ასე, რომ, მიზეზების ძიება ცოტა უფრო შორს მოგვიწევს. მეორე, საქართველოში წლების განმავლობაში ერთი ტიპის ეკონომიკური სისტემა იყო დამკვიდრებული. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში სისტემურად ბევრი რამ იცვლება, მათ შორის ის დამკვიდრებული პრაქტიკა, როგორც ფუნქციონირებდა საქართველოში ეკონომიკა, იქნებოდა ეს სახელმწიფო ხარჯების გაღება, თუ კერძო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ნებისმიერ ასეთ ცვლილებას ცხადია, გარკვეული პერიოდი ახლავს, როდესაც ამ პროცესის ძირითადი მონაწილენი უნდა გადაეწყონ ახალ სისტემაზე. ბიზნესმენებმა უნდა დაიჯერონ, რომ ე.წ "კრიშა" აღარ არის აუცილებელი იმისთვის, რომ რისკი გაწიონ და ინვესტიცია გაიღონ. კერძო სტრუქტურებმა უნდა ირწმუნონ, რომ სამართლის საძიებლად სასამართლოში უნდა წავიდნენ და არა სხვაგან სადმე. იმ კომპანიებმა, რომლებიც პროვილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ და წლების განმავლობაში სახელმწიფო დაკვეთებს იღებდნენ, სრულიად უკონკურენტო და გარანტირებული ჰქონდათ ამ ტენდერების მიღება. მათ წლების განმავლობაში ააწყეს სისტემა და სტრუქტურები. დღეს მათ ეს პრივილეგია დაკარგეს და კონკურენტულ გარემოში გადასვლა უწევთ. ამ დროს, ვისაც ბიზნესის არასწორი სისტემა ჰქონდა აწყობილი ის რჩება გარეთ, ახლებს კი შემოსვლისთვის გარკვეული დრო, ადაპტაცია სჭირდებათ. შემდეგი სერიოზული მიზეზი - ეკონომიკა და ბიზნეს ურთიერთობები მომავლის პროგნოზზეა დამყარებული და არა გუშინდელ დღეზე, ან დღევანდელ ვითარებაზე. ვინაიდან ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის თაობაზე სწორედ მიხეილ სააკაშვილის დიდი მეცადინეობით ინერგებოდა ის განცდა, რომ ეს ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ ხვალ წავა, რაღაცა მოხდება და ა. შ, ამან რა თქმა უნდა, ბევრი შფოთი გამოიწვია ბიზნეს წრეებსა და ინვესტორებში. სწორედ ამიტომ იყო, რომ ახალმა მთავრობამ და პირველ რიგში, პრემიერმა სრულიად გულწრფელად განუცხადა ქართველ ხალხს ჯერ კიდევ შარშან, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პირველი წელი იქნება მძიმე, იმიტომ რომ სიმძიმეებს განაპირობებს სტრუქტურული, სისტემური ცვლილებების განხორციელება. იმ სისტემას, რომელიც მორგებული იყო ელიტარულ ბიზნესზე, ვცვლით ზოგაგად, მოსახლეობის კეთილდღეობის სისტემისკენ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.