გია დვალმა აკადემიური ფასეულობების მნიშვნელობაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

გია დვალმა აკადემიური ფასეულობების მნიშვნელობაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

მეცნიერული კვლევების ეფექტურობისთვის მეცნიერმა გია დვალმა საჯარო ლექცია გამართა. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის" ინიციატივით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" ეროვნული პლატფორმის ფარგლებში წაიკითხა.

შეხვედრას სამეცნიერო და 20-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

როგორც საჯარო ლექციის დაწყების წინ, მეცნიერმა გია დვალმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრა საგანმანათლებლო ტიპისაა და მისი თემაა მეცნიერული კვლევის განვითარებისთვის დასავლური აკადემიური და მეცნიერული ღირებულებების მნიშვნელობა.

"მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის" პრეზიდენტის, მარიამ ცაცანაშვილის განმარტებით, შეხვედრის მიზანი ევროპული ღირებულებების ქართულ საზოგადოებაში გავრცელებაა. ასევე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვლევების მნიშვნელობა საზოგადოებისა და ზოგადად ქვეყნის ინტელექტუალური განვითარებისათვის.

მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები იმუშავებენ პროექტზე განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის შესახებ და შემუშავებულ რეკომენდაციებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას წარუდგენენ.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე: რამდენად მოდის შესაბამისობაში გია დვალის მიერ შემუშავებული განათლებისა და მეცნიერების სისტემის კონცეფცია დღეისთვის არსებულ განათლების სისტემასთან, გია დვალმა უპასუხა, რომ იგი საქმის კურსში არ არის.

ჟურნალისტები ასევე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების შეფასებით დაინტერესდნენ, რაზეც გია დვალმა აღნიშნა, რომ იგი საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის და შედეგებს არ იცნობს.

"განათლების პრობლემა უნდა გადაიჭრას განათლების რეფორმით, რომელსაც ძალიან დიდი ძალისხმევა და შესაბამისი რესურსები სჭირდება", - განაცხადა გია დვალმა.