მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი: ადვოკატები დღევანდელ პროცესზე ბრალის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ

მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი: ადვოკატები დღევანდელ პროცესზე ბრალის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული სასულიერო პირების ადვოკატები დღეს, საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე ბრალის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, მისი ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე დღევანდელ პროცესზე აღნიშნულ შუამდგომლობას დააყენებს იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბრალეულობა განვითარებულ მოვლენებში არ იკვეთება.

"მოვითხოვთ ბრალდების მოხსნას იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე ვცდილობდი, როდესაც ვიდეოკადრებში გავრბოდი, მივხმარებოდი პოლიციას. საუბარია ჩიტაძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ვცდილობდი არ მომხდარიყო ცუდი რამ. პირიქით, ვცდილობდი ბავშვები, რომლებიც ავტობუსებში იყვნენ გაეყვანათ თავისუფლების მოედნიდან და ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს", - განაცხადა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა.

მეორე ბრალდებული სასულიერო პირის იოთამ ბასილაიას ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე მოითხოვს, რომ საქმე არსებით განხილვაზე არ გადავიდეს და შეწყდეს, თუმცა ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდების მხარე ამის წინააღმდეგი იქნება. სასულიერო პირების სასამართლო პროცესისთვის საქალაქო სასამართლოს ეზოში მათი მრევლი და მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტ აქციის წინააღმდეგ მიმართული აქციის დროს განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით ბრალდებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სასულიერო პირი, მათ შორის ანთიმოზ ბიჩინაშვილი და ირაკლი ბასილაია, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც გულისხმობს მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას და უკანონოდ ხელის შეშლას.