"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მერიას მოუწოდებს განმარტოს რა მიზეზით გადაწყდა დაცულ ზონაში არსებული ტერიტორიის გასხვისება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" თბილისის მერიას მოუწოდებს განმარტოს თუ რა მიზეზით გადაწყდა კუს ტბისკენ მიმავალ გზაზე დაცულ ზონაში არსებული ტერიტორიის გასხვისება და რესტორნის აშენება.

ამასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სტატიას საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყოფილი დეპუტატის არჩილ გეგენავასა და მისი ძმის ინტერესებზეც არის საუბარი.

"მიწის ეს ნაკვეთი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის შუაგულში მდებარეობს. არსებული კანონმდებლობით, ეს ზონა წარმოადგენს "თბილისის (ადმინისტრაციულ) საზღვრებში არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას" და იქ აკრძალულია პრაქტიკულად ნებისმიერი სახის მშენებლობა (გარდა უშუალოდ ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა). თუმცა, თავად ამ ნაკვეთს ამჟამად აქვს სტატუსი "სარეკრეაციო ზონა (რზ-3)". ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისგან განსხვავებით, რზ-3 ზონაში შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა მერიის თანხმობით. ჩვენთვის უცნობია, თუ კონკრეტულად როდის მიენიჭა ან ნაკვეთს გარშემო ტერიტორიისგან განსხვავებული სტატუსი, თუმცა სავარაუდოდ, ეს 2009 წელს ან შემდგომ წლებში მოხდა. 2011 წლის ივნისის ბოლოს, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე ახალი მიწის ნაკვეთი შეექმნა და აუქციონზე გაეტანა. აუქციონის პირობებში ჩაიწერა, რომ მყიდველს ნაკვეთზე უნდა აეშენებინა ორსართულიანი რესტორანი საბანკეტო-საკონცერტო დარბაზით. გაურკვეველია, თუ რატომ მიიჩნია თბილისის მერიამ 2011 წლის ივნისში საჭიროდ ამ ტერიტორიის აუქციონზე გატანა, თანაც იქ კონკრეტულად რესტორნისა და საბანკეტო-საკონცერტო დარბაზის აშენების პირობით. ჩნდება ეჭვი, რომ მთელი პროცესი კონკრეტული კერძო კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე წარიმართა. 2011 წლის 19 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე ტერიტორია შპს "ოტიუმმა" შეიძინა 650 000 ლარად. "ოტიუმის" მფლობელი აუქციონის ჩატარების პერიოდში სააქციო საზოგადოება სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი ემ-გრუპ იყო. თავის მხრივ, ემ|გრუპ-ის თანამფლობელია არჩილ გეგენავა, რომელიც აუქციონის ჩატარების პერიოდში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან". მომდევნო პერიოდში, "ოტიუმის" მფლობელი ჯერ შპს "ჰოლდინგ.ჯი" გახდა (რომელიც არჩილ გეგენავას ძმა ანდრო გეგენავას ეკუთვნოდა), ხოლო შემდეგ სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია EASTWEST HOLDING LTD. 2013 წლის დასაწყისში ეს ტერიტორია კიდევ ერთხელ გაიყიდა და ამჯერად ის შპს "კოლორიტმა" შეიძინა, თუმცა ამ უკანასკნელის თანამფლობელი ასევე ემ|გრუპ-ია. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს "კოლორიტის" მფლობელებს შორისაა არჩილ გეგენავას ძმა, ანდრო გეგენავაც",-ნათქვამია სტატიაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქალაქის მერიამ გაურკვეველი მიზეზით, სათანადო დასაბუთებისა და საჯარო განხილვის გარეშე გაასხვისა საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული დაცული ტერიტორიის ერთი ნაწილი და მოითხოვენ, რომ ქალაქის მერიამ ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს.

აღნიშნულ ტერიტორიზე მიმიდინარე პროექტის შესახებ მერიამ განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორს ეკისრება ვალდებულება, მოაწყოს ბავშვთა გასართობი და საოჯახო ტიპის მოსასვენებელი რეკრეაციული ზონა. ასევე, გაარემონტოს ე.წ "ციყვების" ატრაქციონი და უზრუნველყოს ტერიტორიის შემდგომი მოვლა-პატრონობა.

მერიის მტკიცებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი ხორციელდება კანონის სრული დაცვით, არსებული გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად.