საიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შსს-სა და თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

საიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შსს-სა და თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, საქმე ეხება საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის და მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გაცემის ფაქტებს.

"აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოებიდან საია ითხოვდა ინფორმაციას, 2011 წლის 1 იანვრიდან შეძენილი და ჩუქების სახით მიღებული ყველა ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის, შეძენის, ჩუქების თარიღისა და გადახდილი თანხების ოდენობის შესახებ. წარდგენილი განცხადებებით საია ასევე ითხოვდა ყველა იმ სამართლებრივი აქტის გაცემას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი განისაზღვრება.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შემდეგ, საიამ განმეორებით მიმართა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნული უწყებების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა დღემდე არ მომხდარა. რაც შეეხება თბილისის მერიას, განმეორებით განცხადების წარდგენის შემდეგ, თბილისის მერიამ მხოლოდ ნაწილობრივ გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია და არ მიუთითა თითოეულ ავტომობილში გადახდილი თანხის ოდენობა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, საია მოუწოდებს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაცემის ვალდებულებას და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დაინტერესებული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებას.