ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. 

განცხადების შინაარსი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე მედიას სპიკერ-მოსამართლემ გიორგი არევაძემ გააცნო.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის 01 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძის, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის მიმართ. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებების მიხედვით: ბაჩანა ახალაიას ბრალი ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენაში დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

აგრეთვე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის 2 ეპიზოდში, აქედან, ერთი ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ხოლო მეორე - ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და წამება, ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ
გიორგი კალანდაძეს ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში, ძალადობით და დაზარალებული პირადი ღირსების შეურაცხყოფით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით.

ზურაბ შამათავას ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში, ძალადობით და დაზარალებული პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ალექსანდრე გორგაძეს ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ. მერაბ კიკაბიძეს ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და წამება, ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ.გაგა მკურნალიძეს, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილს ბრალად ედებოდათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 50 სხდომა, რომლებზედაც განხორციელდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოწმის სახით დაიკითხა 30 დაცვის მოწმე და ბრალდების 93 მოწმე აქედან 26 დაზარალებული ю წაყენებულ ბრალდებებში არც ერთმა ბრალდებულმა არ სცნო თავი დამნაშავედ. ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში მოითხოვა ყველა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში. საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი გამართლდნენ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

ბრალდებული ალექსანდრე გორგაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ""ბ"" და ""გ"" პუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ალექსანდრე გორგაძე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

ბრალდებულ ზურაბ შამათავას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ""ბ"" და ""გ"" ქვეპუნქტებით (პაატა პაატაშვილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით. ამნისტიის კანონის თანახმად ზურაბ შამათავა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. ასევე, მის მიმართ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ""ბ"" და ""გ"" ქვეპუნქტებით (მე-4 ბრიგადის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით. ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად ზურაბ შამათავა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. ბრალდებულებს გიორგი კალანდაძეს, ალექსანდრე გიორგაძეს და ზურაბ შამათავას შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გააუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან გირაოს თანხა ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეთ. მხარეებს დასაბუთებული განაჩენი გადაეცემა 14 დღეში. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - ნათქვამია განცხადებაში.