ირაკლი სესიაშვილი:  სასამართლოს ყოფილ ხელისუფლებასთან გარკვეული ვალდებულებები გააჩნია

ირაკლი სესიაშვილი: სასამართლოს ყოფილ ხელისუფლებასთან გარკვეული ვალდებულებები გააჩნია

როგორც ჩანს, სასამართლოს გარკვეული ვალდებულებები გააჩნია ყოფილი ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ბაჩო ახალიას მიმართ ერთ-ერთ ეპიზოდზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შეფასებისას განუცხადა. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ცნობილია, რომ გარკვეულ ბერკეტებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მოსამართლეებზე ფლობენ.

"ნამდვილად ვერ ვიტყვი ეს გადაწყვეტილება ჩარევით იყო თუ ჩაურევლად. თუმცა ცნობილია, რომ გარკვეულ ბერკეტებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ფლობენ მოსამართლეებზე",  - განაცხადა სესიაშვილმა. 

ამასთან, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ბაჩო ახალაიას მიმართ საკმარისი მტკიცებულებები იყო.

"მე, როგორც პარლამენტის წევრი თავს შევიკავებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისგან. უბრალოდ ამის უფლება არ მაქვს. თუმცა მიმაჩნია, რომ იმ ნაწილში რა ნაწილშიც ბაჩო ახალაია გამართლდა, საკმარისი მტკიცებულებები იყო იმისთვის, რომ მისი პასუხისმგებლობა დამდგარიყო. ეს არის ჩემი პირადი აზრი", - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების სტრატეგიაა სასამართლო, რომელზეც გარკვეულ ბერკეტებს ფლობს და პრეზიდენტის შეწყალება. როგორც სესიაშვილი განმარტავს, ახალაიას ჩამოყვანა და გუნავას შეწყალება სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია.

"თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის სტრატეგია ზოგადად გამოჩნდა. ის აპირებს ქართველს ხალხს ხელთათმანი ესროლოს. მიუხედავად ამისა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რა დანაშაულები მიუძღვის ახალაიებს, გუნავას, მერაბიშვილს, ადეიშვილს და სხვებს. როგორც ჩანს, მათი ჩამოყვანა საზღვარგარეთიდან, როგორც ეს ბაჩო ახალაიას შემთხვევაში იყო, გარკვეულწილად ეფუძნებოდა სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ, ამ სასამართლოს, მეორე მხრივ კი, იმას, რომ სააკაშვილს შეწყალების უფლება რჩება არჩევნებამდე და როგორც ჩანს, ის ამ უფლებას მაქსიმალურად გამოიყენებს. სასამართლოს, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, გარკვეული ვალდებულებები გააჩნია ყოფილ ხელისუფლებასთან. მე მაინც ღრმად მწამს, რომ ბოლო მომენტში ეს სტრატეგია შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან სასამართლოც ხვდება, რომ მათთვის გაცილებით სწორი იქნება იმოქმედონ სამართლიანად და არ მოექცნენ წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშ. საგანგაშო არაფერი არ არის, ყველას მიმართ ვინც ჩაიდინა დანაშაული, გატარდება ადეკვატური ზომები", - განაცხადა სესიაშვილმა.

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.