კახა კალაძე:  ბაჩო ახალაია შესაძლოა, ადამიანების წამებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სისტემის ნაწილი იყო

კახა კალაძე: ბაჩო ახალაია შესაძლოა, ადამიანების წამებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სისტემის ნაწილი იყო

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე პატიმრების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენს გამოეხმაურა. 

როგორც კახა კალაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც ციხეებში ხდებოდა, შეუძლებელია დაბალ დონეზე გაკეთებულიყო, თუ დავალებები ზემოდან არ მოდიოდა.
მისი თქმით, შესაძლოა, ახალაია არ მონაწილეობდა ადამიანების წამებაში, მაგრამ იგი სისტემის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.

"პირდაპირ, უშუალოდ შეიძლება ბაჩო ახალაია არ მონაწილეობდა ადამიანების წამებაში, მაგრამ სისტემის იდეოლოგი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს და დამერწმუნებით ალბათ, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია გაკეთდეს დაბალ დონეზე, თუ არ მოდის ზემოდან დავალებები. ეს იყო სისტემური ხასიათის დანაშაული. კეთდებოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ციხეებში, მაგრამ, როდესაც უკვე ვნახეთ ვიდეოფირები, თუ როგორ აუპატიურებდნენ იქ მყოფ ადამიანებს ხელკეტითა და ცოცხით, ამან ყველაფერ ზღვარს გადააჭარბა. ეს არის საშინელება. ჩვენ თუ გავიხსენებთ, მიხეილ სააკაშვილი იმითაც ამაყობდა, თუ რა ხდებოდა ჩვენს ციხეებში და როგორ ჰქონდა დალაგებული. ის ამბობდა, რომ საფრანგეთის სახელმწიფომ მოდელიც კი გადაიღო ციხეების მართვის. ასეთ სისულელეებს ამბობდა მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნა კახა კალაძემ.