ნუგზარ წიკლაური - ბაჩო ახალაიას მწამებლობის შესახებ ლეგენდა გაქარწყლებულია

ნუგზარ წიკლაური - ბაჩო ახალაიას მწამებლობის შესახებ ლეგენდა გაქარწყლებულია

ბაჩო ახალაია რომ მწამებელი იყო, ეს იყო ლეგენდა, რომელიც გაქარწყლებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმას ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან ეს გადაწყვეტილება სიმართლისა და სამართლიანობის ცნებების გამყარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" წიკლაურმა განუცხადა, თვითონ სასამართლომ ცხადყო, რომ ის ბრალდებები, რომლებიც პროკურატურის მიერ იყო წარდგენილი არ ემყარებოდა არანაირ საფუძველს, არ იყო არგუმენტებით გამყარებული, ამიტომ გაჩნდა რწმენა, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა.

დეპუტატის თქმით, ეს არის სიგნალი ხელისუფლებისადმი, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ და სამართლებრივად არაარგუმენტირებულ დევნას ყოველთვის გადაეღობება სასამართლო როგორც ქართველი ხალხის ნების უზენაესი გამომხატველი

"ის, რომ ბაჩო ახალაია იყო მწამებელი, ეს იყო ლეგენდა პროკურატურისა და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მოფიქრებული. ეს ლეგენდა დღეს არის გაქარწყლებული და მინდა მივულოცო ბაჩოს ყველა მეგობარს, ასევე საზოგადოების იმ ნაწილს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიმართლე და სამართლიანობის აღდგენა", - აღნიშნა წიკლაურმა.

თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.