ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა.

პროკურორის თქმით, მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება და ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს გაეცნობა.

"ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დახუჭა თვალი მოსამართლემ თუნდაც სენაკის ეპიზოდის ირგვლივ, როდესაც დაზარალებულებმა პროცესებზე არაერთხელ აღნიშნეს, რა ვითარებაში ამყოფებდნენ მათ. მოსამართლემ კი ამაზე თვალი დახუჭა. რით იხელმძღვანელა მან, ამას მაშინ გავიგებთ, როცა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩაგვბარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანმებოდა და სრულიად არაადეკვატური იყო", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბრალდების მხარეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ერთთვიანი ვადა აქვს.

ე.წ სამხედროების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ 7 პირს ყველა საბრალდებო მუხლი მოეხსნათ.

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ 8 ბრალდებულიდან ორს - ალექსანდრე გორგაძეს და ზურაბ შამათავას 140-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრათ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის, პაატა პაატაშვილის შეურაცხყოფისთვის, თუმცა აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და ორივე ბრალდებულს დაკისრებული სასჯელი გაუბათილდა.