დავით უსუფაშვილის შეფასებით, დავით ზურაბიშვილის მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლება

დავით უსუფაშვილის შეფასებით, დავით ზურაბიშვილის მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლება "სასიამოვნო ფორმა არ იყო"

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან "რესპუბლიკური პარტიის" წევრ დავით ზურაბიშვილის გათავისუფლება "სასიამოვნო ფორმა არ იყო".

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ტელეკომპანია "მე-9 არხთან" საუბარში განაცხადა, აღმასრულებელ სისტემაში არსებული 650-მდე მსხვილი თანამდებობიდან "რესპუბლიკელებს" 3 ეკავათ, რაც ზურაბიშვილის გათავისუფლებით ორამდე შემცირდა.

"დავით ზურაბიშვილის ნათქვამ ფრაზას, რომ მისი გათავისუფლება ეს არის დარტყმა რესპუბლიკური პარტიისთვისაც, ბატონი დავითის მხრიდან შემდეგი განმარტება ჰქონდა: არ ვამბობ იმას, რომ "რესპუბლიკელობის" გამო გამათავისუფლეს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ვარ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი და სახე, ეს გავლენას იქონიებს პარტიაზეც. მე ბატონი ზურაბიშვილის ამ შეფასებას გარკვეული დათქმებით ვიზიარებ. სრულად დარწმუნებული ვარ, რომ "რესპუბლიკელობა" და პარტიულობა ახალი მინისტრის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროს აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო, თუმცა მეორე მხრივ, ასეთი თემები, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას პარტიის ცხოვრებაზე. რაც არ უნდა შოკისმომგვრელად და რაც არ უნდა პირადად ჩემთვისაც არასასიამოვნოდ ჟღერდეს ეს ამბავი, მინდა მოგახსენოთ ასეთი რამ: დღეს საქართველოს აღმასრულებელ სისტემაში დაახლოებით 650-მდე მსხვილი თანამდებობაა. აქედან "რესპუბლიკელი" იყო 3 _ დარჩა 2, პაატა ზაქარეიშვილი და დავით ნარმანიას მოადგილე. ასე, რომ გაუთავებელი საუბარი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს "რესპუბლიკელებმა" ეს შეცდომა დააშვებინეს, ასე იყო და ისე იყო, გაზვიადებული არის. რეალობა ესაა. სხვათაშორის, ზურაბიშვილი ბევრი თვისებით გამოირჩევა და არ არის ისე, რომ ამ თანამდებობის გამო რამე დააკლდება ან არ დააკდლება, მაგრამ არ იყო სასიამოვნო ფორმა. მე მგონია, უკეთ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მოგვარება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, მეორე მხრივ, მას ესმის მინისტრის არგუმენტისაც, რადგან განათლების სფეროში "რამე ცუდად რომ წასულიყო" მინისტრი აგებდა პასუხს.