ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები გამამართლებელ განაჩენს ოვაციით შეხვდნენ

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები გამამართლებელ განაჩენს ოვაციით შეხვდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების მხარდამჭერები გამამართლებელ განაჩენს ოვაციებით შეხვდენენ. პროცესს თავად ბაჩო ახალაიაც ესწრებოდა. მას სხდომაზე არაფერი უთქვამს, ბადრაგმა ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზი სასწრაფოდ გაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყება, კომენტარები სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდებულებმაც გააკეთეს.

როგორც გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ განაცხადა, დღევანდელი გადაწვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ არც მისი და არც მასთან ერთად ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ჯერჯერობით მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია პროკურორს, შესაბამისად უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე.
ე.წ სამხედროების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ 7 პირს ყველა საბრალდებო მუხლი მოეხსნათ.

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ 8 ბრალდებულიდან ორს - ალექსანდრე გორგაძეს და ზურაბ შამათავას 140-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრათ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის, პაატა პაატაშვილის შეურაცხყოფისთვის, თუმცა აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და ორივე ბრალდებულს დაკისრებული სასჯელი გაუბათილდა.