დავით უსუფაშვილი - ჩვენ გვექნება ეკონომიკურ გუნდთან კითხვები, რომლებზეც გვინდა პასუხი

დავით უსუფაშვილი - ჩვენ გვექნება ეკონომიკურ გუნდთან კითხვები, რომლებზეც გვინდა პასუხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში ვარდნის ტენდენცია ხელისუფლების შეცვლამდე იყო.

"ეს ძალიან კომპლექსური თემაა. საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა არ არის ერთი კონკრეტული მიზეზის შედეგი, მიზეზი არის ბევრი. დავიწყებ იმით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა დაიწყო არა წელს, არამედ შარშან, დაახლოებით ამ პერიოდიდან - ზაფხულიდან. ასე რომ, ხელისუფლების შეცვლამდე იყო ეს ტენდენცია. აქედან გამომდინარე, მიზეზების ძიება ცოტა შორს მოგვიწევს. მეორე – საქართველოში წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო ერთი ტიპის ეკონომიკური სისტემა – ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სისტემურად ბევრი რამ იცვლება, მათ შორის - დამკვიდრებული პრაქტიკა. ნებისმიერ ასეთ ცვლილებას ცხადია, ახლავს გარკვეული პერიოდი, როცა პროცესის ძირითადი მონაწილეები უნდა გადაეწყონ ახალ სისტემაზე, ბიზნესმენებმა უნდა დაიჯერონ, რომ ე.წ. კრიშა აღარ არის საჭირო იმისთვის, რომ გაწიონ რისკი და გაიღონ ინვესტიცია. შემდეგი ძალიან სერიოზული მიზეზი – ეკონომიკა და ბიზნესურთიერთობები დამყარებულია მომავლის პროგნოზზე და არა - გუშინდელ დღეზე ან დღევანდელ ვითარებაზე. ვინაიდან პოლიტიკური სტაბილურობის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის მეცადინეობით ინერგებოდა განცდა, რომ ეს დროებითი ამბავია, ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ ხვალ წავა, რაღაც მოხდება, აღნიშნულმა შფოთი გამოიწვია ბიზნესმენთა წრეებში. ჩვენ გვქონდა არჩევანი, გაგვეტარებინა სისტემური ცვლილებები ან გაგვეგრძელებინა წინა ხელისუფლების ნაცადი ხერხი, რომელსაც რა მოჰქონდა? ციფრებით ეკონომიკა იზრდებოდა, მაგრამ ეს ზრდა გავლენას ახდენდა მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის 5-6 %-ის კეთილდღეობაზე, 95 %-ს კი არც 5 %-იანი ზრდის ეტყობოდა რამე და არც გახუთმაგების და გაათმაგების", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "მე-9 არხთან" საუბრისას.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ სისტემის ცვლილებებზე საუბრის კონტექსტში მაგალითისთვის დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების საარსებო მინიმუმის გადასახადისგან გათავისუფლება დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ჯამურად 300 მილიონამდე თანხის ამოღებაზე თქვა უარი.

"მაგრამ საარსებო მინიმუმის არდაბეგვრა - ესაა ჩვენი ფილოსოფია, რადგან ადამიანს არსებობისთვის რაც სჭირდება, იმ თანხაში არ უნდა იყოს გადასახადი. ახლა სააკაშვილი რომ ამბობს, ჩვენმა მიღებულმა კანონებმა რაღაცეები გამოიწვია – კი, ჩვენ შეგვეძლო, არ მიგვეღო ეს კანონი, მოსახლეობის, გაჭირვებული ადამიანების ჯიბიდან ამოგვეღო 6 თვეში დაახლოებით 150 მილიონი და ბიუჯეტი ამით შეგვევსო, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტი უნდა იყოს ორიენტირებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე", - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთმა კანონმა შექმნილ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, პარლამენტს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გარკვეული კითხვები აქვს.

"ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს კითხვები. გუშინ საუბარი მქონდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონიფრიშვილთან და მომავალ კვირას ალბათ გვექნება შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გვექნება კითხვები, რომლებზეც გვინდა პასუხი. ვფიქრობთ, ბევრი ფაქტორის პროგნოზირება, რომელიც ციფრობრივ მაჩვენებელში დღევანდელ მდგომარეობას განაპირობებს, უკეთ შეიძლებოდა. ამასთან, როგორც ცნობილია, ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ამბობს, რომ წლის მეორე ნახვარი უკეთესი იქნება. ჩვენ გვაქვს კითხვები, მომავალი უკეთესობა რა გათვლებს ემყარება და პარლამენტმა რა ფუნქცია უნდა ითამაშოს ამ ყველაფერში", - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის მტკიცებითაც, სრული გარანტია არსებობს იმისა, რომ სახელმწფოს მხრიდან არც ერთი ვალდებულება არ დარჩება შეუსრულებელი.