ვინ იღებდა შს სამინისტროში მინისტრზე ორჯერ მეტ ხელფასს

ვინ იღებდა შს სამინისტროში მინისტრზე ორჯერ მეტ ხელფასს

შპს "ტელეკომპანია პიკის" ერთ-ერთი მფლობელი ლიტველი დარიუს იურგილევიჩუსი შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრზე ორჯერ მეტ ხელფასს იღებდა _ მინისტრის მრჩევლის რანგში ხელფასის სახით მან დაახოლოებით 112 ათასი ლარი მიიღო.

„2011-2012 წელს, უმაღლესი საშტატო სახელფასო განაკვეთი (მინისტრის) შეადგენდა 3 540 ლარს. შტატგარეშე მოსამსახურის უმაღლესი ხელფასია (მინისტრის მრჩეველი _ დარიუს იურგილევიჩუსი) 5 300 ლარი, რომელზედაც 2011 წლის განმავლობაში დარიცხულია 69 425 ლარი (დეკემბრის თვეში დარიცხულია 11 125 ლარი), ხოლო 2012 წლის 9 თვეში _ 42,400 ლარი (ბოლოს დარიცხულია აგვისტოში)." _ ნათქვამია შს სამინისტროს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

აღსანიშნავია, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 3 ოქტომბერს, პრემიის სახით 5 ათას 300, ხოლო 18 ოქტომბერს _ 3 ათას 300 ლარი გადაურიცხა ყოფილ მრჩეველს.

29 ოქტომბერს იურგილევიჩუსი "ტელეკომპანია პიკის" მფლობელი გახდა. მის მიერ 4 დღით ადრე დაფუძნებულ შპს „ შვიესას" ტელეკომპანიის 60 % ერგო.

60 პროცენტის გადაცემის სანაცვლოდ, „შვიესა" ოქმზე ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში ტელეკომპანია პიკის" კაპიტალში მილიონ ხუთასი ათასი ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავდა, თუმცა, სწორედ ამ პერიოდში „პიკსა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე არასანქცირებული აწევის გამო დაწყებული დავის შედეგად მათ შორის ყველა ხელშეკრულება გაუქმდა და „პიკი"უსახსროდ დარჩა.

31 მაისს, მთავარმა პროკურატურამ სავაჭრო ქსელ "პოპულის" და „იოლის" ლატვიელი მეპატრონის საულიუს ვაიტეკევიჩუსის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია _ მას დიდი ოდენობის თანხის მითვისება-გაფლანგვაში დასდეს ბრალი, თუმცა, დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს გაათავისუფლა.

როგორც დაკავებულის მეუღლემ ლიტვურ პრესას განუცხადა რეალურად ქართველ სამართლადამცავებს მის ქმრისა და ყოფილი მთავრობის ურთიერთობა აინტერესებდათ. ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბიზნესისმფარველობის სანაცვლოდ უხდიდა თუ არა ვაიტეკევიჩუსი ქრთამს დარიუს იურგილევიჩუსს, რომელიც შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო.