განათლების მინისტრის მოადგილედ ლია გიგაური ინიშნება

განათლების მინისტრის მოადგილედ ლია გიგაური ინიშნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ უკვე შეარჩია კიდევ ერთი მოადგილე. როგორც მან "ნეტგაზეთს" განუცხადა, ამ პოსტზე ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლია გიგაურს დააწინაურებს.

"მოადგილეებიდან ერთზე შევთანხმდი და შევჯერდი, ზოგადი განათლების სფეროში იქნება ქალბატონი ლია გიგაური. ის იყო ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც დავაწინაურეთ და გახდება მინისტრის მოადგილე. დანარჩენების თემა ჯერ კიდევ განიხილება", – უთხრა მინისტრმა "ნეტგაზეთს"

თამარ სანიკიძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ყოფილი მოადგილეებიდან შეინარჩუნებდა მხოლოდ ერთს - ქეთევან ნატრიაშვილს, რომელიც უკვე დანიშნულია მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე; ასევე, დააწინაურებდა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

 განათლების მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ ორი მათგანის ვინაობაა ცნობილი.

ყოფილი მოადგილეები - ალუდა გოგლიჩიძე და დავით ზურაბიშვილი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მინისტრის პოსტი დატოვა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატია. ზურაბიშვილი და გოგლიჩიძე, როგორც თამარ სანიკიძემ განაცხადა, მის მოადგილეებად აღარ დაინიშნებიან. მან განმარტა, რომ ამ პოზიციებზე განათლების სპეციალისტები ჭირდება. ამ არგუმენტს არ იზიარებენ დათხოვნილი მოადგილეები.

როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, ყველა მინისტრი ხელისუფლებაში თავის თანამზრახველებთან ერთად მოდის, თუმცა, მისი ინფორმაციით, იმ მიმართულებით მუშაობა, რაც მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო, გაგრძელდება:

"იმ მიმართულებით მუშაობა, რაც მე დავიწყე, მე რამდენადაც ვიცი, გაგრძელდება, მაგრამ ეს კითხეთ ახალ მინისტრს. ყველა ქვეყანაში მინისტრი მოდის თავისი გუნდით, ეს ნიშნავს მისი ყველაზე ახლო თანამზრახველების მოყვანას, შესაბამისად, როდესაც მინისტრი მიდის, ავტომატურად თავისუფლდება ყველა ეს თანამზრახველი. ნორმალური სისტემის პირობებში შენ არ ცვლი სახელმწიფო მოხელეებს, ვინც იქ მუშაობს, მაგრამ ცვლი წარმმართველ ფიგურებს, რომლებიც არიან შენი გუნდი, ამაზე არის აგებული ეს სისტემა ამერიკაშიც, საქართელოშიც და ბრიტანეთშიც", – განაცხადა მარგველაშვილმა "ნეტგაზეთთან" საუბრისას.