"მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" დასრულდა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ხელმძღვანელი დავით კიკნაძე ზუგდიდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში ნომინალური ბარათების განაღდების პროცესს დაესწრო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან აცნობეს, 1-ელი აგვისტოდან ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათებით სარგებლობა უკვე აღარ იქნება შესაძლებელი.

"მთელი საქართველოს მასშტბით "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" წარმატებულად მიმდინარეობდა. მთლიანობაში 195.785.658 ლარის ღირებულების დახმარება მიიღო 710 ათასმა ფერმერმა. მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში 200 ათასამდე ჰექტარი მიწის ფართობი მოიხნა. პროექტის დასრულებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდება მაღაზიებში პირველი აგვისტოდან აღარ შეეძლებათ", - განაცხადა დავით კიკნაძემ.

"მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში" საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო 884 სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ინვენტარის სარეალიზაციო პუნქტი. აქედან - 90 სამეგრელოში, 19 კი - ზუგდიდში. მაღაზიებში ბარათების განაღდება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროექტის ფარგლებში შექმნილი იყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც სისტემატურად ამოწმებდა მაღაზიებს. შემოწმების შედეგად პროექტიდან მოიხსნა 75 მაღაზია, აქედან სამეგრელოში - 11.

სხვადასხვა დარღვევების გამო, საერთო ჯამში 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა 392 მაღაზიას.