ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მშვიდობის ჟურნალისტიკაში პრიზს გასცემს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მშვიდობის ჟურნალისტიკაში პრიზს გასცემს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მშვიდობის ჟურნალისტიკაში პრიზს გასცემს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს , პრიზის მიზანია, მოხდეს ისეთი მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ჟურნალისტიკის წახალისება, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში.

პრიზის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოოს კონფლიქტური სიტუაციის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევარი, ანუ ისეთი ნამუშევარი, რომელიც ჟურნალისტებს აძლევს შესაძლებლობას, კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ.

"მშვიდობის დამკვიდრებისკენ მიმართული ჟურნალისტიკა ფოკუსირებას ახდენს იმაზე, თუ რა აერთიანებს ადამიანებს, და არა იმაზე თუ რა აცალკევებს მათ. ასეთი ჟურნალისტიკა მოვლენებს ფართო კონტექსტში განიხილავს და არა იზოლირებულად.

კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მიიღონ იმ სიტუაციის სრული და ყოვლისმომცველი სურათი, რომელშიც ისინი იმყოფებიან. იმისათვის, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის გაიზარდოს ერთმანეთის მიმართ ნდობა, უნდა მოხდეს ყველანაირი თვალსაზრისის ასახვა.

ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტები მოახერხებენ წინასწარ შექმნილი შეხედულებების დაძლევას და რაც შეიძლება მრავალფეროვანი სურათის წარმოჩენას. მშვიდობის დამკვიდრებაზე მზრუნველ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ უფრო ღრმა ცოდნა და აღქმა იმისა, თუ რა იწვევს კონფლიქტს, როგორ ვითარდება ის და როგორ მთავრდება. მათი საქმიანობის მიზანი უნდა იყოს ფართო საზოგადოებას მისცეს შესაძლებლობა განიხილოს და დააფასოს კონფლიქტის მოგვარების არაძალადობრივი გზები",-ნათქვამია საქართველოში ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელს გადაეცემა სტიპენდია, რომლის მეშვეობითაც მონაწილეობას მიიღებს პროგრამის "Building Bridges/Building Capacity: Conflict Prevention in the South Caucasus" ფარგლებში გათვალისწინებულ ერთთვიან ტრენინგში.

ტრენინგი გაიმართება ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) სათავო ოფისში.

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მინიჭება მოხდება მხოლოდ ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული და მიუკერძოებელი სტატიისთვის ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; სატელევიზიო ან რადიო რეპორტაჟისთვის; ვებგვერდზე, ბლოგზე ან სოციალურ მედიაში განთავსებული მასალისთვის; ახალი ამბების სააგენტოსთვის ან ელექტრონული გაზეთისთვის მომზადებული მასალისთვის.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები შეფასებას ჟიური მხოლოდ შემდეგ კრიტერიუმებს დაუდებს საფუძვლად:

1. დაბალანსებულობა. მიუკერძოებელი, დაინტერესების გარეშე, ფაქტებზე დაყრდნობით და ობიექტურად, სიღრმისეულად და ფართოდ გაშუქება; კონტექსტისა და წინაპირობების ამომწურავი ანალიზი; წყაროების შესატყვისობა (თანამდებობის პირები და რიგითი ადამიანები);

2. ნეიტრალურობა საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში;

3. თემასთან შესატყვისობა მედიის საშუალებით მშვიდობიანი დიალოგის დამყარების ხელშეწყობაში. ახალი ამბის აქტუალურობა; დროულობა და ინიციატივიანობა; შესატყვისობა საზოგადოებისთვის, ზემოქმედება საჯარო სამსახურზე, გავლენა საზოგადოებაზე ან მკითხველზე;

4. კონფლიქტურ ზონებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის დადგენილი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა. ჟურნალისტების ვალდებულება – გადმოსცენ სიმართლე და შეამოწმონ წყაროები, სიზუსტე, მიუკერძოებლობა გაშუქებისას და ინიციატივიანობა გამოძიების წარმართვაში, საფუძვლიანობა გაშუქებისას, ინფორმაციის შეგროვებაზე, საკითხის კვლევის სიღრმეზე ან წყაროების რაოდენობაზე მითითება, გაშუქების სიღრმე, ახალი ინფორმაცია და დეტალები ფაქტების შესახებ.