მიხეილ სააკაშვილი:  ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, რათა ეკონომიკა არ ჩამოიშალოს

მიხეილ სააკაშვილი: ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, რათა ეკონომიკა არ ჩამოიშალოს

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ერთობლივ მუშაობას სთავაზობს, რათა "ეკონომიკა არ ჩამოიშალოს". როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს დიდი საფრთხე ემუქრება. 

"საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სულდგმულობს ჩვენ მიერ დატოვებული რამდენიმე მილიარდით და ჩვენ მიერ დატოვებული ტურიზმით. ამდენი წელი დღევანდელი მთავრობა დამცინოდა და დღეს ხომ ხედავთ, რომ ერთადერთი, რაც აცოცხლებს ეკონომიკას, ეს არის ტურიზმი. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ტურიზმის რეკლამირება საერთაშრისო არხებზე, რაც მომავალ წლებში ტურიზმსაც დაარტყამს, იმის ფონზე, რომ დადნება ჩვენ მიერ დატოვებული ფული, რომელიც უაზრო პროექტებში იყრება. ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა, ყველა ერთად დავსხდეთ და გავაკეთოთ ისე, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოიშალოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში მთავრობის არსებულ გუნდთან ითანამშრომლოს და მათ რჩევებიც მისცეს. "მზად ვართ, ვიმუშაოთ მთავრობასთან, არსებულ გუნდთან, მივცეთ რჩევებიც, საერთაშორისო არენაზე გავუკეთოთ რეკლამა, როგორც აქამდე, რათა როგორმე ხელახლა ამუშავდეს ჩვენი ეკონომიკური მექანიზმი. თუ ეს არ მოხდა, ამას ექნება გრძელვადიანი დამანგრეველი შედეგი საქართველოსთვის. ამის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა, ყველა ერთად დავსხდეთ, სერიოზულად მივიღოთ ეს საფრთხე და ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს მის თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.