მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკაში საკუთარი კაპიტალის ჩადებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკაში საკუთარი კაპიტალის ჩადებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას "პრემიერის დაპირებების არარეალისტურობის" შესახებ აფრთხილებს. პრეზიდენტის თქმით, კერძო საინვესტიციო ფონდების შექმნა ეკონომიკის მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკაში საკუთარი კაპიტალის ჩადებისკენ მოუწოდებს. 

"მინდა ვუთხრა ხალხს, ის დაპირებები, რომელსაც პრემიერი გაძლევთ, რაღაც ფონდებთან დაკავშირებით, სრულიად არარეალისტურია და არ გეუბნებიან სიმართლეს. ამ ფონდებით ეკონომიკა არათუ ვერ გამოსწორდება, არამედ ისინი მეტ ზიანს მოუტანენ ეკონომიკას. მინდა, პრემიერ-მინისტრს მოვუწოდო, თავისი ფული პირდაპირ ჩადოს ეკონომიკაში. განაახლონ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელზეც 200 მილიონი უკვე დავხარჯეთ, განაახლონ პორტის მშენებლობა და შეწყვიტონ მავნე კანონების განხილვა პარლამენტში, რადგან ესეც პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უნდა გადაიხედოს "რევანშიზმის პოლიტიკაც", რადგან "რევანშიზმის" პირობებში საქართველოში ფულს არავინ ჩადებს. "რევანშიზმი გამოიხატება იმაში, რომ ყველა ჩვენი პროექტი ჯინაზე შეჩერდა, ახალი პროექტები აღარ იწყება და მიმდინარეობს პოლიტიკური რეპრესიები დაჭერების თვალსაზრისით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.