11 პროცენტიანი ზრდის მინუსებში გადაყვანა მართლაც მსოფლიო რეკორდია

11 პროცენტიანი ზრდის მინუსებში გადაყვანა მართლაც მსოფლიო რეკორდია

11 პროცენტიანი ზრდის მინუსებში გადაყვანა მართლაც მსოფლიო რეკორდია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "საქსტატის" მონაცემების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, მონაცემები საგანგაშოა, რადგან პირველად მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა რეცესიაში გადავიდა.

"წინა თვეებში ჩვენ გვქონდა სტაგნაცია, ახლა გვაქვს რეცესია. საქართველოს არ აქვს უფლება, ეკონომიკა მცირდებოდეს, რადგან ამაზე დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური კეთილდღეობა. ჩვენ წელს ვვარაუდობდით 11 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას და ამის ყველა საფუძველი არსებობდა. 11 პროცენტიანი ზრდის მინუსებში გადაყვანა მართლაც მსოფლიო რეკორდია. მე ამის მაგალითებს, ომის სიტუაციის გარდა, სხვა ქვეყნებში ვერ ვიხსენებ. ეს არის არაკომპეტენტურობის და მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიზნესი ჩერდება, საცალო ვაჭრობაში ყოველდღიური პრობლემებია, ბიუჯეტში დაიწყო დიდი გარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს ხელფასებისა და პენსიების დარიგების პრობლემა შეიქმნება.

"შევარდნაძის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ეს პრობლემა აღარ ახსოვს. იმის გამო, რომ პრობლემებია ქვეყნის ენერგეტიკაში, წელს შეიძლება პრობლემები შეიქმნას დენის იმპორტის თვალსაზრისით. ამგვარად, სიტუაცია არის მართლაც საგანგაშო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2013 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა -0,8 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტის თანახმად, რომელიც "საქსტატმა" დღეს გამოაქვეყნა, 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა.