მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ფარული ჩანაწერების განადგურებაზე პასუხისმგებლობას იღებს

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ფარული ჩანაწერების განადგურებაზე პასუხისმგებლობას იღებს

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ფარული ჩანაწერების განადგურებაზე. 

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თომას ჰამარბერგის რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, უმრავლესობა არის გათვალისწინებული. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად იქნება დაცული პირადი ცხოვრების უფლება ამ კადრების განადგურების შემდეგ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ფარული ჩანაწერების კოპიები არსებობდეს.

კითხვაზე, ისაუბრეს თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადების თაობაზე, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე დღეს საუბარი არ ყოფილა.

"თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს გამომჟღავნება და კოპიების აღმოჩენა", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.