სამეგრელოს სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას კიდევ ორი ბრალდება ემატება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ქარდავას განმუხურში აღმოჩელინი ვიდეოკადრების საქმეზე, სადაც ორი პირის წამებაა ასახული, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
ამ საქმეში მას ბრალად წამებისა და გაუპატიურების ორგანიზება ედება. ქარდავასთან ერთად, ამ საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა ზუგდიდის პოლიციის ყოფილ ორი თანამშრომელს, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავასაც შეუფარდეს.
სამივე პირი მიმალვაში იმყოფება.
ქარდავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, მეორე - ახალი ბრალის წარდგენა კი, ამ წუთებში ზუგდიდში მიმდინარეობს. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" ველიჯანაშვილმა განუცხადა, მისთვის ამ დროისათვის უცნობია, რა ეპიზოდზე უყენებენ ბრალს ზუგდიდში ქარდავას.
სამეგრელოს სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყიფილი უფროსის მეგის ქარდავას წინააღმდეგ, ამ დრომდე 4 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ბრალი წარდგენილი აქვს: საიდუმლო სამარხებში აღმოჩენილი წამების ამსახველი კადრების, სერგო თეთრაძის, ციხის ბუნტისა და სამხედრო პოლიციაში თანხების გაფლანგვის საქმეებზე.