გიორგი ქადაგიძემ ჩინეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

გიორგი ქადაგიძემ ჩინეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჩინეთის სახალხო ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჩინეთის სახალხო ბანკის ურუმჩის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი იუ იონგშენგი, მონეტარული თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის მოადგილე თანგ ხინუი და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვანგ დანი.

ჩინეთის დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებისა და მისი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი მოეწეროს შეთანხმებას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ლარი/იუანის სავალუტო სვოპების შესახებ.

სტუმრები საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას, რეგულაციებს და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკასაც გაეცნენ.

დღევანდელ შეხვედრაზე დაიგეგმა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

ჩინელი კოლეგები საქართველოს ეროვნულ ბანკს სექტემბერში ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკებს შორის სავალუტო სვოპების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდება.