პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები 15 აგვისტომდე განადგურდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრმა, ლაშა ტუღუშმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ყველაზე სენსიტიური, მძიმე და ბინძური ჩანაწერი რაც არსებობს, აუცილებლად განადგურდება 15 აგვისტომდე", - აღნიშნა ტუღუშმა.
მისივე ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა და ამ დროისთვის 99 ფაილს შეადგენს.
გარდა ამისა, ტუღუშის თქმით, პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ჩაერთვება, რომელიც კომისიის დღევანდელ სხდომას პირველად ესწრებოდა.
"ის კომისიას მასალების ანალიზს წარუდგენს", - განმარტა ტუღუშმა.
ამასთან, მისი თქმით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მომზადდება დებულება, რომელიც მთავრობის სხდომაზე გავა და დამტკიცდება.
"შსს-ში არსებობს უკანონო მასალების ძალიან დიდი არქივი, რომელსაც სჭირდება მართვა. კომისიამ უნდა შეიმუშაოს წესები, თუ რას გააკეთებს ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.