ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სამეგრელოს გუბერნატორ თენგიზ გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ნაწილში ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით პრეზიდენტის შეწყალების აქტი კანონიერია, თუმცა ნასამართლეობის მოხსნის ნაწილში - უკანონო.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 ივლისის განკარგულებით შეწყალებულ იქნა მსჯავრდებული თენგიზ გუნავა და მას ნასამართლობა მოეხსნა. გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს პასუხი გავცეთ აღნშინულ ფაქტთან დაკავშირებულ რამოდენიმე ძირითადი კითხვას:
არის თუ არა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ?
აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის N277 ბრძანებულება. აღნიშნული ნორმატიული აქტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ", ,,ე", და ,,ლ" ქვეპუნქტების თანახმად ,,შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებული პირის მიმართ:
ბ) რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;
ე) რომელიც პირველადაა მსჯავრდებული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის 1/3;
ლ) რომელიც არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას".
როგორც ჩვენთვის ცნობილია, თ.გუნავა სასჯელს იხდიდა ორი დანაშაულის ჩადენისათვის, არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის 1/3, არ ცნობდა თავს დამნაშავედ, შესაბამისად, არ ინანიებდა დანაშაულს და არც შეწყალებას ითხოვდა. ანუ მითითებული ნორმატიული აქტის ამ მოთხოვნებს თ.გუნავას შემთხვევა არ აკმაყოფილებდა.
თუმცა, N277 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს ამავე ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. შესაბამისად, მიუხედავად ზემოაღნიშნული აკრძალვებისა, პრეზიდენტს პრეზიდენტისავე ბრძანებულების საფუძველზე, ფაქტობრივად, მსჯავრდებულთა შეწყალების შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს მინიჭებული. მან ეს ძალაუფლება მოცემულ შემთხვევაში გამოიყენა და, შესაბამისად, მისი აქტი თ.გუნავას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ნაწილში ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი იყო (სხვა საკითხია ის, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს ასეთი განუსაზღვრელი უფლებამოსილება).
კანონიერია, თუ არა პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავასთვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ?
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 78) იცნობს 2 სახის შეწყალებას: 1) შეწყალება სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების, შემცირების ან შეცვლის შესახებ (მხ. 78.2.); 2) შეწყალება ნასამართლობის მოხსნის შესახებ; სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა". როგორც ნორმაში არაორაზროვნად არის მითითებული შეწყალების აქტით ნასამართლობა შეიძლება მოეხსნას სასჯელმოხდილს. მოცემულ შემთხვევაში, პრეზიდენტის აქტის გამოცემის მომენტში თ.გუნავა არ იყო სასჯელმოხდილი და შესაბამისად, მისთვის ნასამართლეობის მოხსნის შესაძლებლობას სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ამ შესაძლებლობას არც ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულება ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ეს ბრძანებულება ერთმანეთისგან მიჯნავს მსჯავრდებულის შეწყალებას და სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნას.
გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს ,,მსაჯავრდებულსა" და ,,სასჯელმოხდილ" პირს. როგორც აღინიშნა, შეწყალება ნასამართლობის მოხსნის ფორმით, შეიძლება განხორციელდეს სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ნასამართლობის მოხსნა დასაშვებია იმ მსჯავრდებულთა მიმართაც, ვისაც სასჯელი არ მოუხდია. მსგავსი რამ საქართველოს კანონმდებლობაში, უბრალოდ, არ წერია.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება არის მსჯავრდებულის შეწყალება და არა სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნა. ნასამართლობის მოხსნას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა, როგორც აღინიშნა, მხოლოდ სასჯელმოხდილი პირების მიმართ. ნასამართლობის მოხსნის კუთხით პრეზიდენტის N277 ბრძანებულების ფართო განმარტების შემთხვევაშიც კი ის არ შეიძლება გასცდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებს.
იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე სხვაგვარად განმარტავს პრეზიდენტის ბრძანებულებას, იმოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან კანონს (სისხლის სამართლის კოდექსს) აქვს უპირატესი იურიდიული ძალა პრეზიდენტის ბრძანებულებასთან შედარებით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ნასამართლობის მოხსნას მხოლოდ სასჯელმოხდილი პირისთვის ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის განკარგულება თ.გუნავასთვის ნასამართლობის მოხსნის ნაწილში კანონიერი არ არის.
არის თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება თ.გუნავას სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სამართლიანი და კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი?
პრეზიდენტის მიერ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება უნდა მოხდეს კონსტიტუციისვე მოთხოვნების დაცვით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დებულებების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს კონსტიტუციური პრინციპებთან კავშირში.
კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, გულისხმობს სამართლებრივი განსაზღვრულობის და სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებათა წინასწარი განჭვრეტის შესაძლებლობას. ეს პრინციპი ავალდებულებს საქართველოს პრეზიდენტს, თავისი დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს არა თვითნებურად, პირადი სურვილების გათვალისწინებით, არამედ წინასწარ ჩამოყალიბებული, ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი და ნათლად განჭვრეტადი კრიტერიუმების საფუძველზე. ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს იმის წინასწარ განსაზღვრა თუ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს ესა თუ ის სახელმწიფო ორგანო.
ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტმა თ.გუნავა შეიწყალა. ამ ბრძანებულებაში არ არის განსაზღვრული ის ზოგადი კრიტერიუმები და გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრეზიდენტი შეიწყალებდა ნებისმიერ პირს ,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" მისივე ბრძანებულების დებულების დაუცველად. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება უსამართლო შეიძლება აღმოჩნდეს იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდნენ თ.გუნავას ან უკეთეს მდგომარეობაში. ჩვენთვის ცნობილია არაერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულები აკმაყოფილებდნენ პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრულ ყველა პირობას და მათი შეწყალება მაინც არ ხდებოდა. ამ ფონზე იმ პირის შეწყალება, რომელიც სასჯელს იხდიდა ორი დანაშაულის ჩადენისათვის, არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის 1/3, არ ცნობდა თავს დამნაშავედ, არ ინანიებდა დანაშაულს და არც შეწყალებას ითხოვდა, ცხადია, არ წარმოადგენს ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი სამართლიან მიდგომას და შესაძლებელია საზოგადოების დიდ ნაწილში არათანასწორობის, არათანმიმდევრულობისა და უსამართლობის განცდა გააჩინოს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პრეზიდენტის სუბიექტური დამოკიდებულება გამოჩნდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც თ.გუნავა გუბერნატორის თანამდებობაზე საქართველოს კანონმდებლობის პირდაპირი აკრძალვის მიუხედავად დაინიშნა მაშინ, როდესაც მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა", - ნათქვამია საიას განცხადებაში.