საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელ-არაბული სამყაროს სამშვიდობო კომისიის წევრი იციკ მოშე საქართველოს ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს , რომ 2013 წლის მიწურულს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიის მონაწილეობით, მშვიდობის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდეს.
იციკ მოშეს განცხადებით, ასეთი ღონისძიება მნიშვნელოვანი იქნება იმ კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებისათვის, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილობით ხვალ მიმართავს. როგორც იციკ მოშემ განაცხადა, ის არ გამორიცხავს საქართველოს პრემიერთან შეხვედრასაც, რომელსაც ისრაელ-არაბული სამყაროს სამშვიდობო კომისიის ხელმძღვანელი, ისრაელის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარიც დაესწრება.
დღეს ხილიკ ბარი ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის ფარგლებში, პირველად უმასპინძლებს პალესტინის დელეგაციას, რაც მხარეთა ურთიერთობაში პირველი შემთხვევაა. ამ მიწვევის მიზანი ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საკითხის განხილვაა. ხილიკ ბარის თქმით, ღონისძიება იმის საჩვენებლად ეწყობა, რომ მოლაპარაკებათა განახლებისათვის რეალური მხარდაჭერა ორივე მხრიდან არსებობს.
ქნესეთის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ამ უპრეცედენტო შეხვედრაზე მხარეებს შორის პოლიტიკური, სამოქალაქო და სოციალური კავშირები განიხილება.
პალესტინის დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ საკანონმდებლო საბჭოსა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის წევრები. სამოქალქო დიალოგის კომიტეტის ყველა წევრს პალესტინის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი მაჰმუდ აბასი ნიშნავს. ქნესეთში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშეცაა მიწვეული, თუმცა როგორც ხილიკ ბარი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, შეხვედრას იციკ მოშე ვერ დაესწრება, რაც მას (ხილიკ ბარს _ რედ.) ძალიან დააკლდება.
რაც შეეხება საქართველოში კონფერენციის ჩატარებას, იციკ მოშე აღნიშნავს, რომ საქართველოში კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს მშვიდობის მარკეტინს, რაც აუცილებელია პირობაა ამ ურთულეს პროცესში.
იციკ მოშის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და იგი მსოფლიო მედიისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა, ამიტომ უპრიანი იქნება, საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას სწორედ საქართველომ უმასპინძლოს.