თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ხვალ, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე განაჩენს გამოუტანენ.
როგორც ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გოგა ონიანმა განაცხადა, განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა ჩანიშნული.
ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებულია 7 პირი, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სად-ის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი.
დარასელია და კინწურაშვილი ძებნილებად ითვლებიან, ხოლო კალანდაძე, გორდაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული.
ამ დრომდე აღნიშნულ საქმეზე პატიმრობაში ბაჩო ახალაია და გაგა მკურნალიძე რჩებიან, რომლებსაც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე აქვთ ბრალი წაყენებული.
რაც შეეხება საქმეს, რომელზეც განაჩენი ხვალ უნდა დადგეს, სამ ეპიზოდს მოიცავს: სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების წამება და არაადამიანური მოპყრობა, მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების შეურაცხყოფა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე.