ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშეა და ამის თაობაზე პრემიერი რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე გავაფრხილე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქსტატის" მონაცემების კომენტირებისას ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სტატისტიკის სამსახურის მონაცემები ადასტურებს, რომ ეკონომიკური აქტივობა იანვრიდან ძალიან დაცემულია და ეკონომიკაში კარგი მდგომარეობა არ არის.
"ადამიანებს არ შეუძლიათ დაიწყონ საქმიანობა, რადგან ქვეყანა ბანდიტური საბანკო სისტემის ხელშია. არაფერი გასაკვირი არ არის. ცხადია, ნულოვანი ზრდა მაისში და მინუს 0,8 პროცენტი ივნისში მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშეა და ამის თაობაზე რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე ვესაუბრე პრემიერს. ასევე, თვეებია, ვაფრთხილებ მთავრობას", - განაცხადა გიორხელიძემ.
მისივე თქმით, ის, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკას სჭირს, "ოპოზიციის ნახელავია".
"ზრდის ტემპები რომ უნდა შემცირებულიყო, ცხადია, რადგან ის სიმახინჯე, რასაც "ნაცმოძრაობის" ეკონომიკური ზრდა ერქვა, არ შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო. ის იყო ბლეფი. ის ეკონომიკა ნელ-ნელა ინგრევა. ცხადია, ამ ნგრევის პროცესში ზრდის ტემპები მაღალი ვერ იქნება, მაგრამ 2013 წელი მოსამზადებელია ყველა მხრივ, რომ ჩვენ შემდეგი წლიდან ეკონომიკური ზრდა მივიღოთ. შედეგები ნამდვილად ცუდია, მაგრამ არა - საგანგაშო", - აღნიშნა გიორხელიძემ.
ეკონომიკაში არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე. როგორც კალანდაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მთავრობას პრობლემებისადმი არასწორი და ზერელე მიდგომის ტენდენცია აქვს.
"ამ მიდგომების შედეგად მივიღეთ სურათი, რომ ტენდენციურად კლებადია მშპ, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში. როდესაც ეკონომიკური კლება ტენდენციის ხასიათს იღებს, ეს უკვე გადამჭრელი ზომების მიღების საფუძველია", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, არაერთხელ მიუთითა ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების შესახებ, თუმცა უარი მიიღო.
"პასუხად მივიღე, რომ ანტიკრიზისული გეგმა გვექნება მაშინ, როდესაც იქნება კრიზისი. როცა ქვეყანაში კრიზისი იქნება, შემდეგ არანაირი გეგმა აღარ გვიშველის. დღეს უკვე ბიზნესი პასიურ რეჟიმში გადავიდა და ზრდაზე ორიენტირებული ბიზნესი არ არის. ასეთი რეჟიმი გრძელვადიან პერიოდში აჩენს საშიშროებას ბიუჯეტთან მიმართებაში. წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ბიუჯეტს შეიძლება პრობლემები შეექმნას. ბიუჯეტისთვის პრობლემების შექმნა კი გამოიწვევს პრობლემებს იმ სოციალური და სამედიცინო პროგრამების დაფინანსებაში, რაც ახალმა ხელისუფლებამ მრავლად აკიდა ბიუჯეტს", - აღნიშნა კალანდაძემ.
"საქსტატის" მონაცემებით, 2013 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა -0,8 პროცენტი შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტის თანახმად, რომელიც "საქსტატმა" დღეს გამოაქვეყნა, 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა.