საქართველოს მთავრობის მრჩეველი გია ხუხაშვილი "საქსტატის" დღევანდელ მონაცემებს საგანგაშოდ და დრამატულად არ მიიჩნევს. როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს არ არის სისტემური პრობლემა, დროებითი შეფერხებებია, რომელიც მალე დასტაბილურდება.
ამ თემაზე ოპოზიციის პროტესტს კი მთავრობის მრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.
"საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო და ეს ის თემაა, რომელზეც მიიჩნევენ, რომ მისი დრამატიზება უნდა მოხდეს. თამაშის წესები ასეთია. მათ მაქსიმალურად უნდა გაამუქონ ყველაფერი. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და კარგი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი დასტაბილურდება და უახლოეს მომავალში სურათი რადიკალურად შეიცვლება", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
"საქსტატის" მონაცემებით, 2013 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა - 0,8 პროცენტი შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტის თანახმად, რომელიც "საქსტატმა" დღეს გამოაქვეყნა, 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკურ მონაცემებს დღეს "ნაციონალური მოძრაობაც" გამოეხმაურა. დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას ურჩევს, "სირაქლემას პოზაში" ყოფნას თავი დაანებოს და ეკონომიკურ პრობლემებს თვალი გაუსწოროს. მისი შეფასებით, ეკონომიკაში გაჯანსაღების ნაცვლად გაუარესების ტენდენციები აღინიშნება.