სასამართლომ მიკაელ კადიევსა და რიზმან ომაროვს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა

სასამართლომ მიკაელ კადიევსა და რიზმან ომაროვს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ და იარაღისა და ასაფათქებელი ნივთიერებების უკანონოდ შეძენაში ბრალდებულ, მიკაელ კადიევსა და რიზმან ომაროვს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს ორი დაღესტნელი პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მათმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და აღმაშფოთებელი. ადვოკატი აცხადებს, რომ კადიევსა და ომაროვს ნაკლებად მძიმე დანაშაულს ედავებიან, რომელიც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, მოსამართლემ 10 000 ლარიანი გირაოთი მათი აღმკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალების მიხედვით აშკარად დასტურდება, რომ მიკაელ კადიევსა და როზმან ომაროვს იარაღი ჩაუდეს.

"მასალებით ჩანს, რომ პოლიციელები 10-15 წუთის განმავლობაში დასეირნობენ ოთახში, სადაც არ უშვებენ იქ მყოფ ამ ორ ადამიანს და როგორც უნდოდათ ისე ჩაალაგეს იარაღი. ამ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა არ იქნა შეცვლილი გირაოთი, როდესაც გაცილებით მძიმე დანაშაულებზე უფარდებენ პირებს გირაოს პროკურატურის შუამდგომლობით. ეს იმას ადასტურებს, რომ პიარი რომელიც მათ დაიწყეს, გამართლდეს. კერძოდ, ეს ადამიანები დააკავეს თითქოს ტერორისტობის ბრალდებით და იმისათვის, რომ რაღაცას ამზადებდნენ. ახლა კი ცდილობენ თავი გაიმართლონ და გაამყარონ ის ვერსია, რომლითაც ეს ადამიანები დაააკავეს", - განაცახდა გელა ნიკოლაიშვილმა.

მისი შეფასებით, მართლმსაჯულება გრძელდება იმ მეთოდებით, რომელიც ძველი ხელისუფლების დროიდან მოდის.

"ეს არის იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებით იმ ადამიანების დევნა, რომლებიც ამოღებული ჰყავთ მსხვერპლად. ერთ-ერთი ბრალდებული ამ საქმეზე რუსეთში იდევნება და არსებობს საფრთხე, რომ, შესაძლოა, უნდოდეთ მისი რუსეთისთვის გადაცემა, თუმცა ამას საქრათველოს კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს. 10 000-10 000-იანი გირაო, ეს არის თანხის მაღალი ოდენობა, მაგრამ ამის მიუხედავადაც მოსამართლემ თვალი დახუჭა იმ უამრავ დარღვევებზე, რომელიც ამ საქმეში არსებობს და შეასრულა პროკურორის დავალება", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

მიკაელ კადიევისა და რიზმან ომაროვის საქმის არსებითი განხილვა 13 აგვისტოს დაიწყება. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ შენახვას გულისხმობს. ორივე პირი თავდაპირველად ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ამასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, თუმცა სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ბრალად მათ არა ტერაქტის მცდელობა, არამედ იარაღისა და ასაფეთქებელი ნივბთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა აქვთ წაყენებული.