"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას ურჩევს, "სირაქლემას პოზაში" ყოფნას თავი დაანებოს და ეკონომიკურ პრობლემებს თვალი გაუსწოროს.
როგორც ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეკონომიკაში გაჯანსაღების ნაცვლად გაუარესების ტენდენციები აღინიშნება.
"ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, აპრილში საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.3%-ით იკლო, მაისში - 4.3%-ით, ხოლო ივნისში - 12.8%-ით. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით კი, ივნისში ეკონომიკა შემცირდა 0.8%-ით, მაშინ როდესაც მასში 0%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში გაჯანსაღების ნაცვლად გაუარესების ტენდენციები აღინიშნება. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან ეკონომიკურ პრობლემებზე თვალის დახუჭვამ და "სირაქლემას პოზაში" ყოფნამ არ გაამართლა. ეს ნიშნავს, რომ დღეს გაცილებით მეტ საქართველოს მოქალაქეს უჭირს, ვიდრე უჭირდა ერთი წლის წინ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე შეფასებით, ერთგვარ ნეგატიურ სპირალში შევედით, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება.