"ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფოს მიერ მასწავლებლებისადმი გამოჩენილ უყურადღებობაზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობა" პედაგოგთა უმრავლესობის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდებში მიღებულ არასახარბიელო შედეგს სახელმწიფოს მიერ მასწავლებლებისადმი გამოჩენილ უყურადღებობას უკავშირებს. 

როგორც პარტიის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2013 წელს პედაგოგებს არ გაეწიათ მეთოდური დახმარება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა მასწავლებლის სახლი.

"წელს პედაგოდგთა უმრავლესობამ სასერტიფიკატო გამოცდებში ბარიერი ვერ გადალახა. ფიზიკაში ზღვარი მასწავლებელთა 96%-მა, ქიმიაში 82%-მა, მათემატიკაში - 85%-მა, ისტორიაში 57 %-მა, გეოგრაფიაში - 49%-მა ვერ გადალახა. პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების არასახარბიელო შედეგებს რამდენიმე მიზეზი აქვს:

1. წლევანდელ წელს სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობა: 2013 წელს პედაგოგებს არ გაეწიათ მეთოდური დახმარება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა მასწავლებლის სახლი. ტრეინინგები იყო უფასო და ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. 2. "ქართული ოცნების" მიერ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების დისკრედიტაცია.

მასწავლებლებს გაუქრათ მოტივაცია მომზადებულიყვნენ გამოცდებისთვის. მათ გაუჩნდათ მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, გამოცდები მკაცრი არ იქნებოდა", - განაცხადა რატიანმა.

მისი აზრით, გამოცდებზე მასწავლებელთა უმრავლესობის ჩაჭრა არის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც შეასრულა განათლების სამინისტრომ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.

"ცენტრის ხელმძღვანელობას უნდა სცოდნოდა, მოცემული მომენტისთვის, მასწავლებელთა მომზადების დონე. ნებისმიერი ტესტის შედგენისას გათვალისწინებულია გამოსაცდელი სუბიექტების გამოსაცდელი დონე და ამის გამომწვევი მიზეზები", - აღნიშნა რატიანმა.