შოთა ჭიჭიაშვილი მუხროვანის ამბოხების, გიორგი სანაიას მკვლელობისა და პეტრე ცისკარიშვილის გატაცების დეტალებზე საუბრობს

შოთა ჭიჭიაშვილი მუხროვანის ამბოხების, გიორგი სანაიას მკვლელობისა და პეტრე ცისკარიშვილის გატაცების დეტალებზე საუბრობს

პატიმრობიდან გათავისუფლებული და #1 ტერორისტად აღიარებული შოთა ჭიჭიაშვილი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მუხროვანის ამბოხების, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობისა და პეტრე ცისკარიშვილის გატაცების დეტალებზე საუბრობს.

ჭიჭიაშვილის თქმით, 2001 წელს მუხროვანის ბაზა 7 პირთან ერთად უსისხლოდ და უმსხვერპლოდ აიღო.

"მეთაურები დავატყვევე, იარაღის საწყობები ხელში ჩავიგდე და ბაზა გია კრიალაშვილსა და კობა ოთანაძეს გადავეცი. ისინი ვაჟკაცი და პატრიოტი ქართველები იყვნენ. მათთან მოვილაპარაკეთ, რომ ნორმალური არჩევნები ჩაგვეტარებინა, რათა ეროვნული ხელისუფლება მოსულიყო სათავეში. მერე შევარდნაძე კრიალაშვილსა და ოთანაძეს მოელაპარაკა - კრიალაშვილი სამხედრო ატაშედ გაუშვა უკრაინაში, თავდაცვის სამინისტროს 10 თუ 20 მილიონით გაუზარდა ბიუჯეტი, ჯოხი კი ჭიჭიაშვილზე გადატყდა, მე გამოვედი ქვეყნის მტერი", - აცხადებს ჭიჭიაშვილი.

რაც შეეხება ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს, ჭიჭიაშვილის შეფასებით, ეს "მომავალ ნაცებს" მასებზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ.

"მათ სურდათ, შევარდნაძისთვის ძირი გამოეთხარათ და მისი ხელისუფლების მიმართ ზიზღი დაეთესათ, მასებზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ მისი სიკვდილი. მგონია, ამათ თვითონვე მოკლეს ეგ საცოდავი და შევარდნაძეს გადააბრალეს", - ამბობს ჭიჭიაშვილი.

იგი პეტრე ცისკარიშვილის გატაცების დეტალებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს გამიზნული არ ყოფილა.

"იმ დროს სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით და ჩვენი საქმისთვის მანქანა გვჭირდებოდა. კოტე ციხისთავმა, რომელიც ძალოვანებმა შემომიგდეს, მაინცდამაინც პეტრეს არ მიგვაყენა?! პეტრე ვაჟკაცი ბიჭი აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომ მისი წაყვანა მოგვიწია", - აცხადებს შოთა ჭიჭიაშვილი.

"ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჭიჭიაშვილი ესპანელი ბიზნესმენების გატაცების შესახებაც საუბრობს და იმ გახმაურებულ საქმეებს ასახელებს, რომლებშიც უშუალოდ მონაწილეობდა.
ვრცელი ინტერვიუ შოთა ჭიჭიაშვილთან გაზეთ "ყველა სიახლის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.