პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სტატუსის შეცვლა შეაჩერა

პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სტატუსის შეცვლა შეაჩერა

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სტატუსის შეცვლის პროცესი შეჩერდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად , სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების მიმართულებით გამოცხადებული მორატორიუმის ვადის ფარგლებში – 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ასევე ჩერდება მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესი. პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისთვის დანიშნულების შეცვლა, მხოლოდ სახელმწიფო აუცილებლობიდან გამომდინარე - მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

როგორც ინიციატივის ავტორები ზურაბ ტყემალაძე და გიგლა აგულაშვილი განმარტავენ, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვების პროცესი 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლას და მის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში გადაყვანას მასობრივი სახე მიეცა. შექმნილ ვითარებაში უმრავლესობის წევრებმა გამოსავალი მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის მექანიზმების შეჩერებაში იპოვეს.

საპარლამენტო ოპოზიცია მიღებულ კანონპროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უმრავლესობის ეს ინიაციატივა ქვეყანაში ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს გააუარესებს.