კულტურის სამინისტრო გორში სტალინის ქანდაკების დადგმის ნებართვის გაცემას უარყოფს

კულტურის სამინისტრო გორში სტალინის ქანდაკების დადგმის ნებართვის გაცემას უარყოფს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე სტალინის ქანდაკების დადგმის ნებართვის გაცემას უარყოფს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე, სტალინის ქანდაკების დადგმის ნებართვა გაცემულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, სინამდვილეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
სამინისტროს განმარტებით, სტალინის ქანდაკების გორში განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო ჯერ კიდევ 2010 წლის 16 ივნისის N29-ე განკარგულებით.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, 2013 წლის 28 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილის საპასუხოდ, საკრებულოს მიერ შერჩეული ქანდაკების განთავსების ორი სავარაუდო ადგილიდან სამინისტრომ მხოლოდ ტექნიკური სახის რეკომენდაცია გაუწია პროექტის იმ ვერსიას, რომელიც ქანდაკებას მოიაზრებს, როგორც ექსპონატსა და სამუზეუმო კომპლექსის შემადგენელ ნაწილს (ქოხი, სადაც დაიბადა სტალინი, საგამოფენო სივრცე და სტალინის ვაგონი).

"აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილება სტალინის ქანდაკების გორში დადგმასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებას სცდება და ის მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის პრეროგატივას წარმოადგენს. სამინისტრო მუშაობს სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ახალ კონცეფციაზე, რომლის განხორციელება დამთვალიერებლისათვის კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს", - ნათქვამია განცხადებაში.