თენგიზ გუნავა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს

თენგიზ გუნავა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს

თენგიზ გუნავა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს, - ამის შესახებ გუნავამ ჟურნალისტებს გუშინ, სასჯელაღსრულების N9-ე დაწესებულების, ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა.

როგორც გუნავამ აღნიშნა, საპატიმროში ნორმალურ პირობებში იმყოფებოდა. მისივე თქმით, "მატროსოვის ციხეში" ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ნახვის საშუალება არ ჰქონია.

"დიდი მადლობა პრეზიდენტს იმ მხარდაჭერისთვის, რაც გამოიჩინა ჩემი მისამართით და ყველა იმ ადამიანს, "ნაციონალურ მოძრაობას", ვინც მხარს მიჭერდა და გვერდში მედგა ამ ხნის განმავლობაში. ვწუხვარ, რომ აქ რჩებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც თავისი მოღვაწეობის პერიოდში აკეთებდნენ იმ საქმეს, რომელიც იყო ქვეყნის ერთიანობა, ქვეყნის წარმატება და დიდი შრომა ჩადეს ამ საქმეში. იმედი მაქვს ახლო მომავალში ისინიც გარეთ იქნებიან. ბუნებრივია, ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც სჭირდებოდა ჩემს ქვეყანას და ყოველთვის ასევე გავაგრძელებ. ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩვეულებრივად, ნორმალურად მექცეოდნენ", - აღნიშნა თენგიზ გუნავამ.

თენგიზ გუნავას საპატიმროდან გათავისუფლებას სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებასთან შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მოძრაობა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ტაშით შეხვდნენ და ციხიდან გათავისუფლება მიულოცეს.

თენგიზ გუნავა გუშინ პრეზიდენტმა შეიწყალა.