ნინო ბურჯანაძე - გაუგებარია 21-ე საუკუნეში წყობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადაწყვეტს, თუ ვინ დატოვოს თავის ადგილზე

ნინო ბურჯანაძე - გაუგებარია 21-ე საუკუნეში წყობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადაწყვეტს, თუ ვინ დატოვოს თავის ადგილზე

პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე "არ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე უცებ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან". ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ "გლობალური კვლევების ცენტრის" მიერ გამართული სემინარის შემდეგ განაცხადა.

"მე მიჭირს ახლა კომენტარის გაკეთება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არაერთგზის მითქვამს, მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე უცებ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან მას აქვს აღებული ძალიან დიდი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის წინაშე. საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და არა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა დატოვებასაც იგი აპირებს ხელისუფლებაში. პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ბიძინა ივანიშვილი თავის წინ იყენებს და რომლის დაფიქსირებასაც სხვადასხვა ადგილზე ცდილობს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამ განცხადებით ბატონი ბიძინა სრულ გაუგებრობაში ამყოფებს არა მარტო ქვეყნის მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას. განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილი წავა, პოლიტიკური თანამდებობა არ ექნება, მაგრამ პასუხისმგებელი იქნება ყველაფერ იმაზე, რაზეც პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი, ეს რა არის?! რა წყობა არის?! ქვეყნის მოწყობის რომელი წყობაა?! ჩემთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისთისთვის და პოლიტიკოსისთვის, სიმართლე გითხრათ, გაუგებარია 21–ე საუკუნეში წყობა, როდესაც, როგორც "ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადაწყვეტს თუ ვინ დატოვოს თავის ადგილზე. შემდეგ ის გადაწყვეტს, რა ფუნქციები ექნება და როგორ მართავს პოლიტიკური თანამდებობის გარეშე ქვეყანას. არ ვარგა ასეთი განცხადებები, პირდაპირ მინდა ვთქვა. მინდა ვთხოვო ბატონ ბიძინას, რომ მიაქციოს მისი თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ ამ ტიპის განცხადებებს ყურადღება და თავადაც გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მას ქართველმა ხალხმა 1-ელ ოქტომბერს დააკისრა",-განაცხადა ბურჯანაძემ.