ხელისუფლება დამწყები კომპანიების დაფინანსებისთვის სპეციალურ ფონდს ქმნის

ხელისუფლება დამწყები კომპანიების დაფინანსებისთვის სპეციალურ ფონდს ქმნის

გიორგი კვირიკაშვილი: დღეს ქართული საბანკო სისტემა „სტარტ–აპების“ დაფინანსებაზე უარს ამბობს

საქართველოში სტარტ–აპების დაფინანსების ფონდი იქმნება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართული საბანკო სისტემა „სტარტ–აპების“ დაფინანსებაზე უარს ამბობს. ამიტომ, დასაქმების ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლება დამწყები კომპანიების დაფინანსების ფონდის შექმნაზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

„დღეს დასაქმების ზრდის ყველაზე ეფექტური საშუალება „სტარტ–აპ კომპანიების“ დაფინანსებაა, ეს კი ჩვენი სუსტი წერტილია, ამ მიმართულებით ერთ–ერთ შეხვედრაზეც იყო საუბარი, უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ შეიქმნება დამწყები ანუ სტარტ–აპ კომპანიების დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმები,“ – აცხადებს კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული სისტემის საწყისი მექანიზმები უკვე წლის ბოლოდან გამოჩნდება და საამისოდ სახსრების მოძიება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. კვირიკაშვილის განმარტებით, დღევანდელი პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად, კერძოდ კი დასაქმების ზრდისთვის, ყველაზე ეფექტური არხი სწორედ სტარტ–აპ კომპანიებისა და ინოვაციური იდეების დაფინანსებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას არსებული ბიზნეს ისტებლიშმენტის იმედად დარჩენა მოუწევს.

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტარტ–აპ კომპანიების დაფინანსება პირდაპირ პროპორციული იქნება დასაქმების ზრდასთან,“ – აცხადებს კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს სტატისტიკურად დასაქმებულთა რაოდენობის მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს სოფლის მეურნეობის პროგრამებს უკავშირდება, თუმცა დასაქმების კუთხით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ სტარტ–აპ კომპანიების დაფინანსება იქნება.