მიხეილ სააკაშვილი: მე ჯერჯერობით არ გამოვსულელებულვარ!

მიხეილ სააკაშვილი: მე ჯერჯერობით არ გამოვსულელებულვარ!

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იაროსლავ კაჩინსკის უმასპინძლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა კაჩინსკის საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მისი ძმის, ლეხ კაჩინსკის როლს.

"ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება საქართველოს ეროვნული გმირის, ლეხ კაჩინსკის ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენაში, დამპყრობლის შეჩერებაში. მისი დამსახურებაა, რომ ქართული დროშა ასე ამაყად ფრიალებს სახელმწიფო დაწესებულებაზე"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა იაროსლავ კაჩინსკის ვანო მერაბიშვილის მონახულებისთვის მადლობა გადაუხადა.

" დღეს მან მოინახულა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სრულიად უსამართლოდ და წმინდა პოლიტიკური მიზეზით არის დაკავებული. ამას წყალი არ გაუვა და ყველა აღიარებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ვისაც ობიექტური განცხადა შერჩა. დარწმუნებული ვარ, რომ უკანონობა შეჩერდება და სამართალი იზეიმებს"- განაცხადა პრეზიდენტმა.

 მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ იაროსლავ კაჩინსკის ჩამოსვლა დაემთხვა ქალაქ გორში, სტალინის ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილების მიღებას.

" დღეს დილით ვნახე, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება სტალინის ძეგლის აღდგენის. სტალინის, რომელმაც შემოიყვანა საქართველოში მე-11 არმია. შექმნა ხელოვნური ნაღმები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით. სტალინის, რომელმაც ამოხოცა ქართველი და პოლონელი ახალგაზრდები კატინში. სტალინის, რომლის ინიციატივითაც დაიხვრიტა ქართული ინტელიგენცია. 21 საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა არის წარმოუდგენლად ანტიქართული აქტი, ანიტი სახელმწიფოებრივი ქმედება. ეს არის სულში ჩაფურთხება გორში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოვუწოდო და ეს საბავშვო თამაშები თითქოს ის არ იღებს ამ გადაწყვტილებებს თუ ვინმეს უნდა ამის დაჯერება ეს მათი პრობლემაა. მე ჯერჯერობით არ გამოვსულელებულვარ და ვიცი ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ამ მთავრობაში. გადახედოს ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებას. ეს არ არის ის რაც წაადგება ქართულ საქმეს"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სიტყვის დასრულების შემდეგ კი იაროსლავ კაჩინსკი წმინდა გიორგის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.